მოსკოვი, თბილისი და სოხუმი რკინიგზის შეფასების ვადებზე შეთანხმდნენ

აფხაზური, ქართული და რუსული მხარეები 19 ივლისს სოხუმში გამართული მოლაპარაკებების დროს 41-კაციანი ერთობლივი ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის ამჟამინდელ მდგომარეობას შეაფასებს, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი“. 


მიხეილ აკულოვმა, რუსეთის რკინიგზის სახელმწიფო კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, განაცხადა, რომ ერთობლივი ჯგუფი 9 აგვისტოდან შეუდგება შეფასებით სამუშაოებს, რომელიც 45 დღე გასტანს. ჯგუფი რკინიგზის მდგომარეობის შესახებ მოხსენებას 1 ოქტომბერს წარადგენს.


სოხუმში გამართული მოლაპარაკებები ერთ-ერთი ბოლო იყო აფხაზურ, ქართულ და რუსულ მხარეებს შორის, რაც აფხაზეთის გავლით რუსეთ-საქართველოს შორის რკინიგზის რეაბილიტაციას ისახავდა მიზნად.


ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები სოხუმსა და ზუგდიდს შორის არსებულ სარკინიგზო მონაკვეთზეა ჩასატარებელი. ამჟამად უკვე ფუნქციონირებს სარკინიგზო მიმოსვლა სოხუმსა და სოჭს შორის.


“აფსნიპრესის“ ინფორმაციით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა ლეონიდ ლაკერბაიამ განაცხადა, რომ აფხაზური მხარე უზრუნველყოფს შეფასების სამუშაოებზე პასუხისმგებელი ერთობლივი ჯგუფის უსაფრთხოებას.  


საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ, რომელიც სოხუმის მოლაპარაკებებზე ქართულ მხარეს წარმოადგენდა, განაცხადა, რომ აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.


“ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება… ამჟამად, ჩვენ გვინდა გავიგოთ, თუ რა სახის რესურსები, რას სახის სამუშაო იქნება საჭირო“, იტყობინება “აფსნიპრესი“ ხაინდრავას სიტყვებზე დაყრდნობით.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version