მხარეები სამხრეთ ოსეთში პროვოკაციულ ქმედებებზე საუბრობენ

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული შერეული სამშვიდობო ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა მარატ კულახმეტოვმა ოთხი გაუჩინარებული ქართველის ნათესავების მიერ რეგიონის ცენტრალური გზის გადაკეტვას გარკვეული ძალების მიერ მხარდაჭერილი პროვოკაცია უწოდა, იტყობინება სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი.


“გარკვეული დაინტერესებული პირები ამგვარ ქმედებას კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის გამწვავებისა და სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის იყენებენ“, განაცხადა კულახმეტოვმა.


საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ 16 ივლისს ასევე განაცხადა, რომ გზების ჩაკეტვა დაძაბულობას იწვევს. მან თავშეკავებისკენ მოუწოდა საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომლებიც დაკარგული პირების ძებნის ოპერაციების გაძლიერებას მოითხოვენ და შიში გამოთქვა, რომ “ჩვენი მტრები“ ამგვარ ქმედებებს კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის გამწვავებისთვის გამოიყენებენ.


“მინდა ყურადღება მიაქციოთ იმას, რაც პრეს-კონფერენციაზე განვაცხადე. მე ვთქვი, რომ ამჟამად [სამხრეთ ოსეთში] ФСБ-ს [რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის] ჯგუფი იმყოფება. სამხრეთ ოსეთის მთავრობაში მთავარი პოსტები რუსეთის მოქალაქეებს უკავიათ, რომლებიც პირდაპირ მოსკოვიდან დაინიშნენ“, განუცხადა ხაინდრავამ ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს 16 ივლისის საღამოს.


16 ივლისს დღისით ხაინდრავამ პრეს-კონფერენცია მოიწვია და განაცხადა, რომ სიტუაცია კონფლიქტის ზონაში საგანგაშოა.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგანგებო საქმეთა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა ასევე განაცხადა, რომ სიტუაცია კონფლიქტის ზონაში “უკიდურესად გაუარესდა ბოლო დღეების განმავლობაში“, იტყობინება სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი.


15 ივლისს შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) თანათავმჯდომარეების მისამართით გაგზავნილ წერილში ჩოჩიევი აცხადებს, რომ ქართველი სამართალდამცავები პასიურობენ და არანაირ ღონისძიებებს არ ახორციელებენ, რათა შეასრულონ შსკ-ს 22 ივნისის შეთანხმება, რომელიც ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე თავისუფალ გადაადგილებას ითვალისწინებს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version