ხაინდრავა სამართალდამცავების პასიურობაზე საუბრობს

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ 16 ივლისს განაცხადა, რომ იგი გაკვირვებულია ქართველი სამართალდამცავების პასიურობით, რომელიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში გზის გადაკეტვასა და 14 ივლისს მისი კონფლიქტის ზონაში ყოფნისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას უკავშირდება.


“ჩემთვის გასაკვირია, რომ რეაგირება არ ახდება უმაღლესი სახელმწიფო მოხელის საწინააღმდეგო ქმედებაზე“, განაცხადა დღეს “რუსთავი 2“–ის ეთერში გიორგი ხაინდრავამ.


14–16 ივლისს კონფლიქტის ზონის ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომელთა ძირითადი ნაწილი 6 ივნისს ცხინვალიდან გაუჩინარებული ექვსი ქართველის ნათესავები არიან, ცხინვალისკენ მიმავალი გზის ბლოკირება მოახდინა გაუჩინარებული ქართველების სამძებრო ღონისძიებების გააქტიურების მოთხოვნით. 14 ივლისს აქციის მონაწილეებთან შესახვედრად მიმავალ გიორგი ხაინდრავას ერთ-ერთი გაუჩინარებული პიროვნების ძმამ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან ჰაერში ცეცხლი გახსნა. მოგვიანებით, მან ეს ნაბიჯი ხაინდრავასადმი მისი უნდობლობის გამოხატულებად შეაფასა.


“ნუ დაავიწყდებათ, რომ არსებობს მეორე [ოსური] მხარე და განსაკუთრებით, მესამე მხარე [მშვიდობისმყოფელები], რომელიც ასეთი შემთხვევების სათავისოდ გამოყენებას ელოდება“, დასძინა ხაინდრავამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version