საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში გზა გადაკეტეს

საპროტესტო აქციის მონაწილეთა მცირე ჯგუფმა, 6 ივნისს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში გაუჩინარებულ ქართველთა ნათესავებმა, 16 ივლისს სოფელ მეღვრეკისში რუსი სამშვიდობოების საგუშაგოს მახლობლად გზა გადაკეტეს.


აქციის მონაწილეები, რომელთაც 15 ივლისს სოფელ ერგნეთის მახლობლად ცხინვალისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს, თბილისისა და ცხინვალის ხელისუფლებისგან გაუჩინარებული ქართველების ძებნის ოპერაციების გაძლიერებას და მათი ადგილმდებარეობის დადგენას მოითხოვდნენ.


სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული შერეული სამშვიდობო ძალების მეთაურმა მარატ კულახმეტოვმა 15 ივლისს მიანიშნა, რომ შესაძლოა ეს ოთხი ადამიანი ცოცხალიც აღარ იყოს. “მინდა იმედი ვიქონიო [რომ ცოცხლები არიან], მაგრამ ძალიან დიდი დრო გავიდა [მათი გაუჩინარების შემდეგ]“, განუცხადა კულახმეტოვმა ჟურნალისტებს.


საპროტესტო აქციის მონაწილეებს  გადაკეტილი აქვთ გზა სოფელ კეხვშიც.


კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართევლოს სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას მცდელობა 14 ივლისს აქციის მონაწილეებს შეხვედროდა ინციდენტით დასრულდა, როდესაც ერთ-ერთი გაუჩინარებული პიროვნების ძმამ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან ჰაერში ცეცხლი გახსნა. ქართული ტელეკომპანიებისთვის მიცემულ ინტერვიუში დაკარგულის ძმამ განაცხადა, რომ მან ცეცხლი გახსნა, რათა უნდობლობა გამოეხატა სახელმწიფო მინისტრის მიმართ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version