პუტინი რუსეთის სამხრეთი საზღვრების გაძლიერებაზე საუბრობს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 15 ივლისს დაღესტანში ვიზიტის დროს განაცხდა, რომ რუსეთი 15 მილიარდი რუბლის (დაახლოებით 522 მილიონი აშშ დოლარის) დახარჯვას გეგმავს ინფრასტრუქტურაზე რუსეთის სამხრეთით მდებარე საზღვრების გაძლიერების მიზნით, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“.


მისი თქმით, ორი სამთო-მსროლელი ბრიგადა სამხრეთის საზღვრებზე განლაგდება. “სამუშაოები [ამ მიმართულებით] 2007 წლისათვის დასრულდება, საქართველოდან რუსეთის ორი სამხედრო ბაზის გამოყვანის გათვალისწინებით. ბაზები გამოვლენ, თუმცა საზღვარი დაცული იქნება“, განაცხადა პუტინმა.


თბილისი და მოსკოვი რუსული ბაზების 2008 წლის განმავლობაში გაყვანის თაობაზე შეთანხმდნენ.


რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სამხრეთის საზღვრების დასაცავად საჭირო ინფრასტრუქტურა უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version