ქართულმა მხარემ შეთანხმების დარღვევის მოტივით აჭარაში ორი რუსული ტანკი დააკავა

14 ივლისს რუსეთის ფედერაციის ბათუმში განლაგებული მე–12 სამხედრო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული მხარის მიერ დაკავებულ იქნა რუსული მხარის კუთვნილი 2 ერთეული T-72 ტიპის ტანკი, რომელიც რუსული მხარის განმარტებით, მიემართებოდა “გონიოს“ სამხედრო პოლიგონზე ტანკების მართვაში პირადი შემადგენლობის წრთვნის მიზნით. ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული გადაადგილება არ ყოფილა შეთანხმებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან.


“მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების პროექტში “საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზებისა და ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების სხვა ობიექტების დროებითი ფუნქციონირების ვადების, წესისა და გაყვანის შესახებ“ აღნიშნულია, რომ რუსულ მხარეს ეძლევა უფლება “გონიოს“ სამხედრო პოლიგონზე ჩაატაროს წვრთნები ტანკების მართვასთან დაკავშირებით, წვრთნების ჩატარება უნდა იქნას შეთანხმებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან“, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ 15 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.


თავდაცვის სამინისტრო ასევე რუსულ მხარესთან მიღწეული შეთანხმების დარღვევას უწოდებს 13 ივლისს მე–12 რუსული სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობის მიერ “გონიოს“ სამხედრო პოლიგონზე მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღიდან ჩატარებულ სროლებს.


ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების მეთაურის მოადგილემ ვლადიმერ ყუფარაძემ 15 ივლისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსულ მხარეს  “არც ოფიციალური და არც არაოფიციალური შეთანხმება არ დაურღვევია, რადგან არანაირი შეთანხმება არ არსებობს“.


თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, “იმის გათვალისწინებით, რომ აჭარის რეგიონში დაიწყო საკურორტო სეზონი, წერილობით მიმართა ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების ხელმძღვანელობას, რათა არ ჩაეტარებინათ “გონიოს“ სამხედრო პოლიგონზე ნებისმიერი სახის სროლები. აღნიშნული მოთხოვნა იგნორირებული იქნა“.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version