ჟურნალისტები ხელისუფლებას მედიაზე ზეწოლაში ადანაშაულებენ

ქართველ ჟურნალისტთა ჯგუფმა 7 ივლისს ხელი მოაწერა მიმართვას, რომელიც გამოხატავს შეშფოთებას ხელისუფლების მიერ მედიაზე ზეწოლის გამო.


მიმართვაში, რომელსაც მასმედიის სხვადასხვა საშუალებებიდან 70 ჟურნალისტი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მედიაზე თავდასხმები “ვარდების რევოლუციის” დასრულების პირველივე დღეებიდანვე დაიწყო.


ტელეკომპანია “მზის“ გადაწყვეტილებამ დახუროს ყოველდღიული პოლიტიკური თოქშოუ “არჩევანის ზღვარზე“ მწვავე დებატები გამოიწვია ხელისუფლების მხრიდან მედიის სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლასთან დაკავშირებით. 


კომპანიის მიერ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მმართველი პარტიის დეპუტატის გიგა ბოკერიას განცხადება, რომელმაც ტელეკომპანია “მზე“ რუსთაველის მოედანზე 30 ივნისს მომხდარი არეულობის გაშუქების გამო გააკრიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა უარყვეს რაიმე კავშირი ტელეკომპანიის გადაწყვეტილებასთან, ოპონენტებმა ტელეკომპანია “მზე“-სთან დაკავშირებული მოვლენები ხელისუფლების ტელეკომპანიაზე ზეწოლად შეაფასეს.


“მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას თავი შეიკავოს თავისუფალი მედიის საქმიანობაში ჩარევისგან და იმ უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთებისგან, რომელსაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები ჩვენი მისამართით აკეთებენ“, ნათქვამია მიმართვაში.


მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ რეგიონების ჟურნალისტები “ხშირად ხდებიან ადგილობრივი ხელისუფლების ზეწოლის მსხვერპლნი…სიტუაცია ამ კუთხით ძალიან რთულია, განსაკუთრებით შიდა ქართლში, კახეთში, იმერეთსა და აჭარაში“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version