ივანოვი საქართველო–რუსეთის საზღვართან ორი ახალი ბრიგადის შექმნაზე საუბრობს

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა ყაბარდო–ბალყარეთში ყოფნის დროს განაცხადა, რომ რუსეთ–საქართველოს საზღვარზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ყარაჩაი–ჩერქეზეთსა და დაღესტანში საზღვრის უშუალო სიახლოვეს ორი სამთო ბრიგადა მას შემდეგ შეიქმნება, რაც ორი რუსული სამხედრო ბაზა დატოვებს საქართველოს, იუწყება “რია ნოვოსტი“ 5 ივლისს.


“ბრიგადები რუსეთ–საქართველოს საზღვართან პირველ რიგში სასაზღვრო ჯარების მხარდასაჭერად იქმნება, მათ შორის საცეცხლე საშულებებითაც ტერორისტების მიერ საზღვრის გადალახვის შემთხვევაში“, აცხადებს სერგეი ივანოვი.


“თუ ისინი (ტერორისტები) გამოჩნდებიან, ისინი სწრაფად და ეფექტურად იქნებიან განადგურებულები“, დასძენს ივანოვი.


მისი თქმით, ეს “განსაკუთრებული“ ბრიგადები აღჭურვილი იქნება სპეციალური შეიარაღებით, თანამედროვე ვერტმფრენებით, მათ შორის  საბრძოლო და თანამედროვე კავშირგაბმულობის სისტემებით. ამ ბრიგადებში იმსახურებენ საკონტრაქტო სამხედრო პირები.


ივანოვის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის 2005 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია 2,4 მილიარდი რუბლი (151 მლნ ლარი) ახალი ბრიგადების შექმნის მიზნით.


რუსეთი და საქართველო 30 მაისს ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზების გაყვანაზე 2005–2008 წლების განმავლობაში შეთანხმდნენ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version