აქციის დარბევის შემდეგ ოპოზიცია მერაბიშვილის გადადგომას ითხოვს







რუსთაველის გამზირზე ტროტუარის გასწვრივ
ჩამწკრივებული სპეცრაზმელები.
საპარლამენტო ოპოზიცია 1 ივლისს პარლამენტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, მას შემდეგ რაც შსს–ს სპეცდანიშნულების რაზმმა 30 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაარბია.

დაახლოებით 30–40 ადამიანი, ძირითადად სპორტსმენები 30 ივნისის საღამოს რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ, რათა პროტესტი გამოეხატათ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტის ალეკო დავითაშვილის და ძიუდოისტ გიორგი რევაზიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.

დაახლოებით 23 საათზე პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სცადეს, რასაც პოლიციასა და აქციის მონაწილეტა შორის შეტაკება მოჰყვა. დარბევიდან ცოტა ხანში, რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მათ შორის “ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის დავით გამყრელიძის, ლებორისტ შალვა ნათელაშვილის, კონსერვატორ კობა დავითაშვილის, ასევე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელთა გამოჩენა მოჰყვა. მატულობდა ხალხის რაოდენობაც, რასაც მოჰყვა რუსთაველის მოედანზე ასობით სპეცდანიშნულების რაზმის ჯარისკაცის გამოჩენაც.

სხვადასხვა მონაცემებით დაკავებულია 80–მდე ადამიანი.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური ვებ–გვერდის მეშვეობით 1 ივლისს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მომხდართან დაკავშირებით “დაიწყო წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით, რაც მასობრივი არეულობის ორგანიზებას ითვალისწინებს”.


რუსთაველის გამზირზე დაძაბულობამ კლება დაახლოებით 1 ივლისის ღამის 2 საათისთვის დაიწყო, თუმცა სპეცდანიშნულების რაზმები იმ დროისთვის კვლავაც იქ იმყოფებოდნენ.


ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მომხდარი ერთხმად დაგმეს და ხელისუფლება “არადემოკრატიულ ქმედებაში“ დაადანაშაულეს.


“ის, რაც მოხდა იყო აშკარად ზედმეტი ძალის გამოყენება, რისთვისაც ის ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც პარლამენტში ჰყავთ წარმომადგენლობა 1 ივლისს ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ”, განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა.


თუმცა, სამართალდამცველები, ისევე როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა და დარბევა მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც საპროტესტო აქციიც მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს.


აღსანიშნავია, რომ ქართველ სპორტსმენთა ერთმა ნაწილმა, მათ შორის ოლიპიურმა მედალოსნებმა, 1 ივლისს მოიწვიეს პრესკონფერენცია, სადაც დაგმეს ინციდენტი, თუმცა ოპოზიციური პარტიები მომხდარით სპეკულირებაში დაადანაშაულეს და მათ მოუწოდეს თავი შეიკავონ ჩარევისგან.


30 ივნისს სპორტსმენთა ერთი ნაწილის საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ჭიდაობის ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტს ალეკო დავითაშვილს და ძიუდოისტ გიორგი რევაზიშვილის სასამართლომ 30 ივნისს წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ისინი პოლიციამ 28 ივნისს დააკავა და მათ ბრალად ბერძენი ბიზნესმენისთვის 8,000 აშშ დოლარის გამოძალვა წაუყენა. ამ ბრალდებას ეჭვმიტანილები კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ ბიზნესმენს მათი ვალი ემართა და სწორედ ამ ვალის დაბრუნებას ცდილობდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version