გაზეთის ცნობით, მერის თანამდებობისთვის მმართველ პარტიაში “ფარული ბრძოლა“ დაიწყო

გაზეთი “რეზონანსი“ 29 ივნისს იტყობინება, რომ მმართველ “ნაციონალურ მოძრაობაში“ მერის თანამდებობისთვის “ფარული ბრძოლა“ დაიწყო. მერის არჩევის ახალი წესის თანახმად, მერს არაპირდაპირი წესით თბილისის საკრებულო აირჩევს. პარლამენტმა უკვე მიიღო ეს წინადადება პირველი მოსმებით, რასაც ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა.


“რეზონანსის“ ვარაუდით, ამჟამად მმართველი პარტიის სამ წევრს აქვს სურვილი თბილისის მერი გახდეს: დეპუტატ გიორგი არველაძეს, “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ მდივანს, დეპუტატ გიგი წერეთელს და დეპუტატ ბესო ჯუღელს. გაზეთის ცნობით, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ამ უკანასკნელმა დაადასტურა ოფიციალურად, რომ აპირებს მერის არჩევნებში მონაწილეობას.


“რეზონანის“ ცნობით, დეპუტატ გიორგი არველაძის შესაძლო დასახელებას ძირითადად მმართველი პარტიის “ახალგაზრდული ფრთა“, მათ შორის გავლენიანი პარლამენტარი გიგა ბოკერია უჭერს მხარს. ხოლო დეპუტატ გიგი წერეთელს ის პარლამენტარები დაუჭერენ მხარს, რომლებიც გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას დაახლოებულ პირებად ითვლებიან.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version