პარლამენტის თავმჯდომარე აშშ–ში გაემგზავრა

დღეს დაიწყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის სამუშაო ვიზიტი აშშ-ში, სადაც შეხვედრები გაიმართება თეთრ სახლში, კონგრესში, პენტაგონში, გაეროში, მსოფლიო ბანკში, აშშ-ს განვითარების სააგენტოში (USAID). პარლამენტის თავმჯდომარე ეუთოს ვიცეპრეზიდენტის რანგში დაესწრება ვაშინგტონში დაგეგმილ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მორიგ სხდომას. 


დაგეგმილია ნინო ბურჯანაძის მოლაპარაკებები კონდოლიზა რაისთან, კოლინ პაუელთან, მადლენ ოლბრაიტთან, რიჩარდ ლუგართან, ბრუს ჯექსონთან, რიჩარდ არმიტაჟთან, ნატოს წევრი ქვეყნების ელჩბთან, პოლიტოლოგ ზბიგნევ ბზეჟინსკისთან და სხვებთან.


29 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კარნეგი ჰოლში მოხსენებით გამოვა, რომელსაც 100-ზე მეტი სენატორი დაესწრება.


ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, რომელიც 1 ივლისს გაიხსნება, 54 წევრი ქვეყნის წარმომადგენელთა წინაშე ნინო ბურჯანაძე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემებს წამოჭრის და იგი მოუწოდებს მათ აქტიურად ჩაერთონ საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივის განხორციელებაში.


ნინო ბურჯანაძე ასევე მოითხოვს აფხაზეთზე მომუშავე იმ ჯგუფის გაფართოვებასა და შემადგენლობის გადასინჯვას, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებით 4 წლის წინ შეიქმნა.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version