ბურჯანაძე სომხეთის პრემიერ–მინისტრს შეხვდა

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ სომხეთის პრემიერ–მინისტრის ანდრანიკ მარგარიანი მიიღო, რომელიც თბილისში დსთ–ს  მთავრობათა მეთაურების სამიტზე დასასწრებად 1 ივნისს ჩამოვიდა.


შეხვედრაზე განიხილებოდა აფხაზეთის გავლით სომხეთ–საქართველო–რუსეთის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხი, სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები საქართველოს სომეხი მოქალაქეების პრობლემები და ორმხრივი ურთიერთობების სხვა აქტუალური საკითხები.


შეხვედრის დასრულების შემდეგ ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები სომხებისათვის “სერიოზული“ პროგრამების განხორციელებას გეგმავს.


“იქ არის რთული სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ არა დიდად განსხვავებული იმ ვითარებისაგან, რაც სხვა რეგიონებშია შექმნილი. თუმცა ჩვენ ვაპირებთ ძალიან სერიოზული პროგრამები განვახორციელოთ სამცხე–ჯავახეთში“, განაცხადა 2 ივნისს ნინო ბურჯანაძემ.


სარკინიგზი მიმოსვლის აღგენასთან დაკავშირებით, ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ეს პროცესი აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების პარალელურად უნდა წარიმართოს. “ამას სომხური მხარე გაგებით ეკიდება“, აღნიშნა მან.


“ჩვენი სომეხი მეგობრები ყველანაირად შეუწყობენ ხელს ქართულ–აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ სომხეთის პრემიერ–მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version