დეპუტატთა ნაწილი გომიაშვილის შვეიცარიაში ელჩად დანიშვნას ეწინააღმდეგება

დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ერთმა ნაწილმა ღიად გამოხატა წინააღმდეგობა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიორგი გომიაშვილის შევეიცარიაში ელჩად დანიშვნის მიმართ, იმ მოტივით, რომ იგი არ არის “კარიერული დიპლომატი“.


“ჩემი პრინციპული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ვერ დავუჭერ გომიაშვილის ელჩად დანიშვნას მხარს, ეს არის ინდივიდუალურად გადასაწყვეტი და ჩემი ეს პოზიცია არ ნიშნავს ფრაქციასთან დაპირისპირებას“, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა.


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მაია ნადირაძის განცხადებით, გომიაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით მმართველ ფრაქციაში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს და “ამის მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ იგი შეეცადა პარლამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება შეეზღუდა, რასაც პარლამენტი ადექვატურად პასუხობს“.


ნადირაძეს მხედველობაში ჰქონდა ცოტა ხნის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც პარლამენტს ინფორმაცია მხოლოდ სამინისტროს გავლით უნდა მიწოდებოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version