აშშ-ის სენატი რუსეთს საქართველოში ბაზების დახურვისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სენატმა 12 მაისს მიიღო დადგენილება, რომელშიც მოუწოდებს რუსეთს გამოიყვანოს სამხედრო ბაზები საქართველოდან.


დადგენილებაში, რომელიც სენატის რესპუბლიკელმა და დემოკრატმა ლიდერებმა წარადგინეს, ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ დაუჭერს მხარს საქართველოს მცდელობებს მოლაპარაკებები აწარმოოს რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე.


“უკვე დროა, რომ ეს ძალები გავიდნენ [საქართველოდან]“, განაცხადა სენატის უმრავლესობის ლიდერმა ბილ ფრისტმა.


“დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ათ წელიწადზე მეტი გავიდა და საქართველომ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა თავი დაეღწია რუსეთის სამხედრო ბაზებისგან. რამდენიმე წლის წინ, რუსეთმა დადო პირობა, რომ გაიყვანდა თავის ჯარებს და დახურავდა ბაზებს საქართველოში, თუმცა, ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები. საქართველოში კვლავ იმყოფება 3,000-ზე მეტი რუსი სამხედრო“, დასძინა მან.


აშშ-ის სენატის დადგენილება ასევე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აცხადებს, რომ რუსეთმა “პატივი უნდა სცეს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version