სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ეუთოს დამკვირვებლები დააკავეს

12 მაისს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ოსმა  შეიარაღებულმა მოხალისეთა ჯგუფმა იარაღის მუქარით საქართველოში ეუთოს მისიის ორი დამკვირვებელი დააკავა, ნათქვამია ეუთოს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.


ეუთოს ცნობით, ორივე დამკვირვებელი ერთ საათში, კონფლიქტის ზონაში განლაგებული შერეული სამშვიდობო ძალების სარდლობის ჩარევის შემდეგ, გაათავისუფლეს.


ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ დიმიტრი რუპელმა უკვე დაგმო ინციდენტი, რომელიც სოფელ ავნევის მახლობლად მოხდა და მას “არსებული შეთანხმებების სერიოზული დარღვევა“ უწოდა.


“მე დაჟინებით მოვუწოდებ სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობას მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ქმედებები უიარაღო საერთაშორისო დამკვირვებლების წინააღმდეგ. განსაკუთრებით ცუდია, რომ ეს ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა  ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სერიოზული მცდელობებია“, განაცხადა რუპელმა.


დიმიტრი რუპელი მიესალმა შერეული სამშვიდობო ძალების სარდლობის მიერ სიტუაციის განმუხტვის მიზნით განხორციელებულ სწრაფ ქმედებებს .


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას კომენტარი მომხდართან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version