პატრუშევი: დასავლელი ჯაშუშები დსთ-ში ახალ ხავერდოვან რევოლუციებს ამზადებენ

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსმა ნიკოლაი პატრუშევმა სახელმწიფო სათათბიროში სამთავრობო საათზე გამოსვლისას უცხოური ჯაშუშები დსთ-ის ქვეყნებში ახალი ხავერდოვანი რევოლუციების მომზადებაში დაადანაშაულა.

“უცხოური სპეცსამსახურები უფრო და უფრო აქტიურად იყენებენ არატრადიციულ მეთოდებს თავიანთი მუშაობისთვის და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების საგანმანათლებლო პროგრამების საშუალებით თავიანთი ინტერესების პროპაგანდას ეწევიან, ასევე აწარმოებენ თავიანთ საქმიანობას და აგროვებენ ინფორმაციას“, იტყობინება “რია ნოვოსტი“ პატრუშევის სიტყვებზე დაყრდნობით. მისი თქმით, უშუშროების ფედერალურ სამსახურს აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ერთ-ერთმა დასავლურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 5 მილიონი აშშ დოლარი გამოყო ბელორუსიაში ხავერდოვანი რევოლუციის დასაფინანსებლად.

ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ჯაშუშების მიერ გამოიყენება, პატრუშევმა დაასახელა აშშ-ის მშვიდობის კორპუსი და საუდის არაბეთის წითელი ნახევარმთვარე.

პატრუშევმა დასძინა, რომ დსთ-ის ქვეყნების სპეცსამსახურების ხელმძღვანელებს კარგად ესმით არსებული სიტუაციის საფრთხე. მისი თქმით, აპრილში დსთ-ის სპეცსამსახურების ხელმძღვანელებმა პოსტ-საბჭოთა სივრცეში ხავერდოვანი რევოლუციების ტალღის გაგრძელების საფრთხეზე იმსჯელეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version