ბუში: საქართველოს მაგალითი დიდი წვლილია დემოკრატიის საქმეში

თავისუფლების მოედანზე საქართველოს მოსახლეობისადმი მიმართვაში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ბევრი ისაუბრა მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიისა და მშვიდობის გავრცელებაზე და ასევე საქართველოს მიერ ამ საკითხში შეტანილი წვლილის შესახებ.


“თქვენი წვლილი თავისუფლების საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი თქვენი მაგალითია. იმედისმომცემი ცვლილებები ხორციელდება ბაღდადიდან ბეირუთამდე და ბიშკეკამდე. იყო მეწამური რევოლუცია ერაყში, ნარინჯისფერი რევოლუცია უკრაინაში და კედარის რევოლუცია ლიბანში, თუმცა მანამდე იყო “ვარდების რევოლუცია“ საქართველოში“, განაცხადა ბუშმა.


“თქვენი სიმამაცე შთააგონებს დემოკრატიის რეფორმატორებს და მესიჯს აგზავნის მსოფლიოს მასშტაბით – თავისუფლება იქნება თითოეული ერის და ყველა ხალხის მომავალი“, დასძინა მან.


მისი თქმით, საქართველო დღეს სუვერენული და თავისუფალი ქვეყანაა რეგიონსა და მსოფლიოში.


აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ დემოკრატიის გზა “ადვილი არ არის“.


“ნამდვილი ცვლილება და ნამდვილი გამოწვევა არის თავისუფალი ინსტიტუტების მშენებლობა. ეს რთული საქმეა… თუმცა, თქვენ ამ გზაზე მარტო არ ხართ. ამერიკელი ხალხი თქვენს გვერდით დგას“, დასძინა ბუშმა.


მისი თქმით, “ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს თავისუფალ ერებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ და ერთად ჩვენ შევასრულებთ ჩვენს მოვალეობებს“.


“თავისუფალი საზოგადოებები არის მშვიდობიანი საზოგადოებები და თავისუფლების გავრცელებით ჩვენ წინსვლას მივაღწევთ თავისუფლების და მშვიდობის საქმეში“, აღნიშმა აშშ-ის პრეზიდენტმა.
  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version