კოკოითი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მიზეზების შეფასებას მოითხოვს

ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 3 მაისს გადაიცა, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა უარყო თბილისის სამშვიდობო გეგმა, თუმცა პრეზიდენტ სააკაშვილს არსებული პრობლემების განხილვა ტელედებატების გზით შესთავაზა. მან ასევე მოუწოდა ქართულ მხარეს დაგმოს ის “ქმედებები, რომლებმაც სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს მოძმე ხალხებს შორის“ კონფრონტაცია გამოიწვია და დაიწყოს რესტიტუციის საკითხის განხილვა.  


ედუარდ კოკოითის თქმით, საჭიროა ოსებსა და ქართველებს შორის 90-იანი წლების დასაწყისში ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების დადგენა, რათა გამოინახოს კონფლიქტის მოგვარების გზა.


“პოლიტიკური ნება და გამბედაობაა საჭირო შეცდომის აღიარებისთვის. რამ გამოიწვია ეს კონფრონტაცია, რამ გამოიწვია [ოსების] გენოციდი? თვითონ ქართველები გამსახურდიას [საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის] რეჟიმს “პროვინციულ ფაშიზმს“ უწოდებდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ აისახა პოლიტიკურ დოკუმენტებში. არ არსებობს რაიმე პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც დაგმობს იმ პოლიტიკურ ლიდერებს, რომელთაც გააღვივეს შეიარაღებული კონფრონტაცია მოძმე ერებს შორის“, განაცხადა ედუარდ კოკოითმა.


“მინდა, რომ ქართულმა მხარემ დაგმოს ის ქმედებები, რომელთაც მიგვიყვანეს ომამდე ორ მოძმე ხალხს შორის. ცოტა ხნის წინ ისიც კი შევამჩნიე, რომ ბევრ პოლიტიკოსს ეშინია, რომ ოსებს და ქართველებს “მოძმე ხალხი“ დაუძახოს. არ ვიყავით მოძმე ერები?“, დასძინა მან.


სამხრეთ ოსეთის ლიდერმა აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთი “მოხარულია, რომ ასეთი მაღალი დონის სტუმარი ეწვევა მეზობელ საქართველოს“.


თუმცა, კოკოითმა დასძინა, რომ თბილისი პრეზიდენტ ბუშის ვიზიტის წინ სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს კონფლიქტის ზონაში და ქართული მხარე სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა.


“ჩვენ ყველანაირი საშუალება გვაქვს, რომ ჩამოვაგდოთ ეს ე.წ. “ამოუცნობი“ თვითმფრინავები, რომლებიც არღვევენ საჰაერო სივრცეს. 29 აპრილიდან დღემდე სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცე შვიდჯერ დაირღვა. ეს არის პროვოკაცია, რომელიც [კონფლიქტის ზონაში] ამჟამად არსებული შედარებით სტაბილური სიტუაციის არევას ისახავს მიზნად“, განაცხადა სამხრეთ ოსეთის ლიდერმა.


კითხვაზე, თუ რატომ განაცხადა მან უარი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან შეხვედრაზე აპრილის ბოლოს, კოკოითმა აღნიშნა, რომ იგი წინააღმდეგია იმ შეხვედრების, რომლებიც მხოლოდ შეხვედრის გულისთვის ტარდება. ამის სანაცვლოდ, იგი კონფლიქტის ზონაში კრიმინოგენული სიტუაციის გამოსწორების მიზნით შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის ინიციატივით გამოვიდა.   


“კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმ შეხვედრებისა, რომლებიც მხოლოდ შეხვედრის გულისთვის ტარდება. ძალოვან მინისტრებს შორის უნდა გავმართოთ შეხვედრა [იგი გულისხმობდა შინაგან საქმეთა მინისტრებს და სხვა ოფიციალურ პირებს სამართალდამცავი სტრუქტურებიდან]. ქართულ მხარეს ბევრჯერ შევთავაზეთ ამგვარი შეხვედრის გამართვა, თუმცა რაიმე პრაქტიკული შედეგები ამას არ მოჰყოლია მიუხედავად მათი [ქართული მხარის] თანხმობისა [შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის თაობაზე]”, აღნიშნა კოკოითმა.


მან ხაზი გაუსვა, რომ ქართული მხარის წინადადებას კონფლიქტის მოგვარების თაობაზე, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა იანვარში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გააჟღერა, მიუღებელია ცხინვალისთვის. მან ასევე განაცხადა, რომ ოფიციალურმა თბილისმა ეს დოკუმენტი სამხრეთ ოსეთის მხარეს არც კი გადასცა.


“ოფიციალურად, მე ეს ინიციატივა არსად მინახავს. თქვენ შეგიძლიათ გაავრცელოთ იგი ელექტრონული მედიის საშუალებით, მაგრამ ჩვენ არ მიგვიღია რაიმე ოფიციალური ინფორმაცია ამის თაობაზე … ეს [სამშვიდობო გეგმა] ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ. არავისთვის არ გვითხოვია, რომ სამხრეთ ოსეთის სტატუსი განიხილონ“, განაცხადა კოკოითმა.


სამხრეთ ოსეთის ლიდერმა რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან შესაძლო გაყვანის საკითხეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ცხინვალი მიესალმება ამ ფაქტს იმ შემთხვევაში, თუ ეს პროცესი არ შეასუსტებს რუსეთის პოზიციას სამხრეთ კავკასიაში.


“თუ ეს გაყვანა დადებით იმპულსს მისცემს [რუსეთსა და საქართველოს შორის] ურთიერთობების გაძლიერებას და ორი ქვეყნის [რუსეთის და საქართველოს] პოზიციების გაძლიერებას, მაშინ ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ბაზების გაყვანას. მაგრამ, თუ ეს რუსეთის პოზიციის დასუსტებისკენაა მიმართული და რუსეთის სამხრეთ კავკასიიდან გაძევებას ემსახურება, რა თქმა უნდა, ჩვენ – როგორც რუსეთის მოქალაქეები და როგორც ცნობილია, სამხრეთ ოსეთის დაახლოებით 95% რუსეთის მოქალაქეები არიან – არ ვართ გულგრილნი, თუ როგორი იქნება რუსეთის პოზიცია აქ“, დასძინა კოკოითმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version