აფხაზეთის ოფიციალური პირები განაგრძობენ კამათს სამხრეთ ტიროლში ვიზიტის გამო

თვითგამოცხადებული აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სტანისლავ ლაკობამ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა საქართველოს დელეგაციასთან ერთად იტალიის სამხრეთ ტიროლის ავტონომიაში ვიზიტის გამო, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმი” 19 აპრილს.       


საქართველოს და აფხაზეთის დელეგაციები სამხრეთ ტიროლს ჟენევაში 7-8 აპრილს გაეროს ეგიდით გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ეწვივნენ. ვიზიტი გაეროს ორგანიზებით მოეწყო და მიზნად ისახავდა კონფლიქტის მხარეებისთვის სამხრეთ ტიროლის ფართო ავტონომიის მაგალითის გაცნობას, რომელიც შესაძლოა ქართული-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების მოდელი გახდეს.


თუმცა, სოხუმში დაბრუნებული აფხაზური დელეგაციის ხელმძღვანელი სერგეი შამბა აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სტანისლავ ლაკობამ 18 აპრილს გააკრიტიკა. მისი თქმით, სამხრეთ ტიროლი ვერ იქნება კონფლიქტის მოგვარების მაგალითი, რადგანაც იგი ავტონომია, აფხაზეთი კი “დამოუკდებელი სახელმწიფოა“.


ამის საპასუხოდ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აფხაზეთმა უნდა განაგრძოს მოლაპარაკებები ქართულ მხარესთან, რათა თავიდან აიცილოს ომი ან მშვიდობის ძალით დამყარება.


თუმცა, ამის მიუხედავად სტანისლავ ლაკობამ 19 აპრილს შამბა კვლავ გააკრიტიკა, აღნიშნა რა, რომ შამბას განმარტებები “დამაჯერებლად” არ ჟღერს. ლაკობას თქმით, აფხაზეთის ეროვნული უშიშროების საბჭომ არაფერი იცოდა შამბას სამხრეთ ტიროლში ვიზიტთან დაკავშირებული გეგმების თაობაზე.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version