რუსი დეპუტატი ბუშის საქართველოში ვიზიტის მიზნებზე საუბრობს

რუსეთის სათათბიროს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე კოსაჩევი აცხადებს, რომ აშშ–ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის საქართველოში ვიზიტმა, რომელიც 10 მაისს იგეგმება,  შესაძლოა დადებითი გავლენა იქონიოს რუსულ–ქართულ ურთიერთობებზე, იუწყება 19 აპრილს “რია ნოვოსტი“.


კოსაჩევი, მისივე თქმით, ამ დასკვნამდე აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და კონგრესში გამართული შეხვედრების შედეგად მივიდა.


“თუ ამერიკელების განცხადებები საქმეს არ აცდება, მაშინ პრეზიდენტმა ბუშმა შესაძლოა რუსულ–ქართული ურთიერთობების დარეგულირებაში სერიოზული და კონსტრუქციული როლი ითამაშოს“, აცხადებს რუსი დეპუტატი.


კონსტანტინე კოსაჩევის ინფორმაციით, ბუშის საქართველოში ვიზიტი მიზნად ისახავს დაარწმუნოს საქართველოს ხელმძღვანელობა “დარჩეს პოლიტიკური გზით პრობლემების მოგვარების ერთგული და უარი თქვას მათი ძალისმიერი მეთოდებით მოგვარებაზე“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version