აფხაზები სამხედრო მანევრებში Су-27 ტიპის გამანადგურებელს იყენებენ

რუსული გაზეთი “კომერსანტი” იტყობინება, რომ აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 18 აპრილს დაწყებულ სამხედრო წვრთნებში Су-27 გამანადგურებლები იღებენ მონაწილეობას. საბჭოთა წარმოების Су -27 გამანადგურებლები 1982 წლიდან იწარმოება.


არსებული ინფორმაციით, აფხაზეთის სეპარატისტულ ძალებს ამგვარი თვითმფრიმავები არ გააჩნიათ. ეს ინფორმაცია ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ რუსეთი კვლავ ეხმარება აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებს წვრთნით და აღჭურვილობით.


Су -27 გამანადგურებლებს აფხაზეთის კონფლიქტის დროსაც იყენებდნენ საქართველოს წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უარყოფდა თავის ჯარების მონაწილეობას, ამ ტიპის გამანადგურებელი, რომელსაც რუსი პილოტი მართავდა, ქართულმა ძალებმა 1993 წლის 13 მარტს ჩამოაგდეს.


გამანადგურებლების აფრენა გუდაუთის სამხედრო ბაზიდანაა შესაძლებელი, თუმცა რუსეთი აცხადებს, რომ უკვე გააუქმა ეს ბაზა სტამბოლის 1999 წლის შეთანხმების თანახმად. თუმცა საქართველო ამ მტკიცებას ეჭვის თვალით უყურებს და ამ ბაზაზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებას ითხოვს.


აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს წყარომ “კომერსანტს” განუცხადა, რომ “უცხოელი ინსტრუქტორები” მართლაც ამზადებენ აფხაზ პილოტებს. ამჟამად, აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებს რუსი ოფიცერი ანატოლი ზაიცევი მეთაურობს. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version