გავრცელებული ინფორმაციით, სოლანა ბაღაფშს და კოკოითს სოჭში შეხვდა

ჯეიმსთაუნის ფონდის წარმომადგენელი ვლადიმერ სოკორი ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენლებთან გამართულ არაოფიციალურ საუბარზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ხავიერ სოლანა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ლიდერებს სერგეი ბაღაფშს და ედუარდ კოკოითს 5 აპრილს სოჭში შეხვდა.


ინფორმაციის თანახმად, სოლანა პუტინმა დაიყოლია შეხვედრაზე. “ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ [ასევე არაოფიციალურად], რომ სოლანამ მოკლე საუბრის დროს მკაცრი პოზიცია დააფიქსირა: კერძოდ, ის, რომ ეს კონფლიქტები მხოლოდ პოლიტიკური გზით და არა ძალის გამოყენებით უნდა მოგვარდეს; და მეორეც, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. თუმცა, ეს საკითხები რუსეთის სტანდარტული რიტორიკისგან განსხვავებულად არ ჟღერს“, ნათქვამია ინფორმაციაში.


რუსული წყაროები პუტინის და სეპარატისტ ლიდერთა შეხვედრის ფაქტს არ ადასტურებენ. მხოლოდ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტებმა გაამჟღავნეს შეხვედრის თაობაზე. თუმცა, აქამდე ხავიერ სოლანას სეპარატისტ ლიდერებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version