აფხაზეთში ფართომასშტაბიანი წვრთნები იგეგმება

თვითგამოცხადებული აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ანატოლი ზაიცევმა “ინტერფაქსს” განუცხადა, რომ 18-21 აპრილს სოხუმის რაიონში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები ჩატარდება.


ზაიცევის განცხადებით, წვრთნებში 3000 სამხედრო მოსამსახურე და რეზერვისტი  მიიღებს მონაწილეობას. გამოყენებული იქნება საარტილერიო, საზღვაო, სატანკო  და საავიაციო ქვედანაყოფები. მისი თქმით, წვრთნების მიზანია სამეთაურობო სრულყოფა და ჯარების საბრძოლო უნარ-ჩვევების ამაღლება.


წვრთნების თარიღი ან დაემთხვევა ან ერთი დღით გაუსწრებს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის სეპარატისტ ლიდერთა შეხვედრას, რომელიც სოხუმშია დაგეგმილი.


წვრთნების დასრულების მეორე დღეს დაგეგმილია სუამის სამიტი  კიშინიოვში. სეპარატისტული მთავრობები სუამს, რომლის შემადგენლობაშიც საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა შედიან, პოლიტიკურ და სამხედრო მუქარად მიიჩნევენ.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version