შამბა: აფხაზეთმა ომის თავიდან ასაცილებლად მოლაპარაკებები უნდა განაგრძოს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ უშიშროების საბჭოს მდივნის სტანისლავ ლაკობას კრიტიკის საპასუხო კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ აფხაზეთმა უნდა განაგრძოს მოლაპარაკებები, რათა თავიდან აიცილოს ომი ან მშვიდობის ძალით  დამყარება.


ლაკობამ შამბა ქართულ მხარესთან სამხრეთ ტიროლში გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, სამხრეთ ტიროლი ვერ იქნება კონფლიქტის მოგვარების მაგალითი, რადგანაც იგი ავტონომიაა, აფხაზეთი კი -“დამოუკიდებელი სახელმწიფო”.


შამბამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “8 წლის განმავლობაში, რაც მე მოლაპარაკებებს ვაწარმოებ, ჩვენ არ წავსულვართ დათმობაზე ქართულ მხარესთან. 1994, ჩემს დანიშვნამდე, ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომელშიც საუბარია დევნილთა დაბრუნებაზე და აფხაზეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების აღდგენაზე“.


“ჩვენ ვცდილობთ თავი დავაღწიოთ იმ დოკუმენტებს, რომელთაც ადრე მოეწერათ ხელი“, განაცხადა შამბამ. მან დასძინა, რომ საჭიროა მოლაპარაკებების გაგრძელება, რადგანაც “სანამ დიპლომატები ამაში ჩართული არიან, კონფლიქტის ძალისმიერი მოგვარება შეუძლებელია“.


“თუ ჩვენ უარს ვიტყვით [მოლაპარაკებებში მონაწილეობისგან], ეს სამშვიდობო ოპერაციის დასრულების მომასწავებელი იქნება. ამ შემთხვევაში კონფლიქტის ზონაში გაეროს მანდატიც დასრულდება და შესაძლოა დადგეს ახალი მანდატის საკითხი, მშვიდობის ძალით დამყარების საკითხის ჩათვლით … ამგვარად, უნდა განვაგრძოთ მოლაპარაკებები და უნდა ვიაროთ ყველა შეხვედრებზე, თუმცა კომპრომისზე არ უნდა წავიდეთ“, განაცხადა შამბამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version