ევროკავშირის წარმომადგენელი ცხინვალის პოზიციაზე საუბრობს

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჰეიკი ტალვიტიემ, რომელიც ასევე სტუმრობდა ცხინვალს, 8 აპრილს თბილისში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსური მხარე აქტიურად უჭერს მხარს ქართულ–ოსური კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდენის საკითხს და დიალოგის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა გამორიცხავს სტატუსის განხილვის შესაძლებლობას.


“სამხრეთ ოსეთი ამ ეტაპზე სტატუსის საკითხის განხილვას მხარს არ უჭერს. მათი თქმით, პირველ რიგში პოლიტიკური საკითხები უნდა იქნეს განხილული სამ ეტაპად. ვფიქრობ, რომ ისინი ამაში [გასულ სექტემბერს] პრეზიდენტ სააკაშვილის გაეროში გამოსვლის შინაარსს გულისხმობენ “, აცხადებს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი.


მისი თქმით, საქართველოში  გარკვეული აქტივობები მიმდინარეობს სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირებით. ‘საქართველოს მთავრობა და ვენეციის კომისია ამზადებენ სტატუსის შესახებ დოკუმენტს“, დასძენს ტალვიტიე.


ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, ოსური მხარის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ კონფლიქტის ზონიდან სამშვიდობოთა დიდი რაოდენობა გაიყვანა, დასაშვები 500–დან საქართველო ამჟამად 75 სამშვიდობო ჯარისკაცითაა წარმოდგენილი შერეულ ქართულ–ოსურ–რუსულ სამშვიდობო ძალებში.


“თუმცა ოსური მხარე უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ამ 75 სამშვიდობოს ხშირი როტაცია ხდება… მათი განცხადებით, კონფლიქტის ზონაში სამხედრო გადაადგილებები მოსახლეობაზე უარყოფითად მოქმედებს“, განაცხადა ტალვიტიემ.


ტალვიტიეს განცხადებით, მისი ცხინვალში უკანასკნელი ვიზიტი არ არის ევროკავშირის მცდელობა “შერეული საკონტროლო კომისიის კომპენსირება მოახდინოს, არამედ თანადგომის მიზნებს ემსახურება“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version