“გორბი“ პარტიათა და პოტენციურ პრეზიდენტთა რეიტინგებს აქვეყნებს

საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა “გორბი”–მ  გამოაქვეყნა 1800 რესპოდენტის გამოკითხვის საფუძველზე 2005 წლის მარტში საქართველოს მასშტაბით ჩატარებული კვლევის შედეგები პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატებისა და პარტიათა პოპულარობის შესახებ, ასევე პრე და პოსტრევოლუციური საქართველოს შეფასებები.


პრეზიდენტი სააკაშვილი, პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატებს შორის 38,2 პროცენტული მაჩვენებლით კვლავ უალტერნატივო ლიდერია, თუმცა “გორბი“–ს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი გასული 6 თვის განმავლობაში 25%–ით დაეცა.


პრეზიდენობის პოტენციურ კანდიდატთა შორის 7,1%–ით რეიტინგში მეორეა პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, 5,4%–ით მას მოსდევს “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი. 2%–ზე ნაკლები მხარდაჭერა აქვთ ჯუმბერ პატიაშვილს, კობა დავითაშვილს, დავით გამყრელიძეს, ირაკლი ოქრუაშვილს და გია მაისაშვილს. თუმცა გამოკითხულთა 40, 6%–მა არ იცის ვის მისცემდა ხმას ხვალ, რომ ახალი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართოს.


პოლიტიკურ პარტიათა რეიტინგში, რომელიც არჩევნებში პოტენციურ მონაწილე რესპოდენტთა გამოკითხვის საფუძველზე შედგა, კვლავ ლიდერობს “ნაციონალური მოძრაობა“ – 34,7 %–ით; 7,2%–ით მეორე ადგილზეა ლეიბორისტული პარტია;  მესამე ადგილი 4,3%–ით “ახალ მემარჯვენეებს“ უკავიათ; შემდეგ მოდიან: “კონსერვატორები“ – 1,5%–ით, “რესპუბლიკელები“  – 1,5–ით, “ერთობა“  – 1,3 %–ით.


ამდენად, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ერთპარტიული პარლამენტის მიღების საშიშრობა აღარ იარსებებს. ამასთან 48%–მდეა გაზრდილი ამომრჩეველთა ის რაოდენობა ანუ თითქმის ნახევარი ელექტორატი, რომელთა სიპათიაც ამ ეტაპზე არცერთი პარტიისაკენ არ იხრება.


“გორბი“–ს მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 37% პოსტრევოლუციურ საქართველოში ამჯობინებს ცხოვრებას, მაშინ როცა 34% შევარდნაძისეულ საქართველოს ანიჭებს უპირატესობას. თუმცა გამოკითხულთა 72% დღევანდელ საქართველოში დარჩებოდა, შევარდნაძის ეპოქაში დაბრუნების საშუალება, რომ ჰქონდეს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version