“ახალი მემარჯვენეები“ თბილისის მერის პირდაპირ არჩევნებს მოითხოვენ

29 მარტს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ოპოზიციური პარტიის “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ თბილისის მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი გააკრიტიკა და ქალაქის მერის ასარჩევად პირდაპირი არჩევნების ჩატარება მოითხოვა.


მისი თქმით, თბილისის ამჟამინდელი მერი, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა დანიშნა, “ვერ ემსახურება თბილისელებს” და პრეზიდენტის “მარიონეტს“ წარმოადგენს.


“ამის აღმოსაფხვრელად ჩვენ პირდაპირი არჩევნები გვჭირდება“, დასძინა მან.


თებერვალში “ახალი მემარჯვენეების” საპარლამენტო ფრაქციამ დედაქალაქის–თბილისის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი წარადგინა, რომელიც თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევას ითვალისწინებს. თუმცა, ხელისუფლება არაპირდაპირ არჩევნებს უჭერს მხარს. “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ასევე წარადგინა ცვლილებების პროექტი, რომელიც  მერის საკრებულოდან არჩევას ითვალისწინებს.


მთავრობის მიერ წარდგენილი პროექტის თანახმად, თბილისის საკრებულო, რომლის წევრთა წაოდენობა 49-დან 25-მდე შემცირდება, მერს საკუთარი შემადგენლობიდან აირჩევს.


“ახალი მემარჯვენეების“ განცხადებით, ხელისუფლებას პირდაპირ არჩეული მერის ეშინიათ, რადგანაც თბილისის მერი “სერიოზული პოლიტიკური ფიგურა“ გახდება. თბილისში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის დაახლოებით ერთი-მესამედი ცხოვრობს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version