ევროპის საბჭოს წარმომადგენელი დევნილთა და ლტოლვილთა მდგომარეობას აფასებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და მოსახლეობის კომიტეტის წევრმა ბორის ცილევიჩმა, რომელიც საქართველოში გასულ კვირას ჩამოვიდა, 28 მარტს განაცხადა, რომ “დევნილთა და ლტოლვილთა პრობლემები საქართველოში საკმაოდ სერიოზულად დგას“.


ბორის ცილევიჩი საქართველოში დევნილთა და ლტოლვილთა მდგომარეობის შესახებ მოხსენებას და რეკომენდაციების პაკეტს მოამზადებს და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წარუდგენს განსახილველად. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს წარმომადგენელი შეხვდა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე ეწვია დევნილთა კომპაქტური დასახლების ადგილებს ზუგდიდსა და წყალტუბოში.


“შეშფოთებული ვართ იმ სიტუაციით, რომელიც დევნილთა კომპაქტური დასახლების ადგილებში არსებობს; კერძოდ ელექტროენერგიის უქონლობას თან ერთვის წყლის შეწყვეტაც“, განაცხადა ბორის ცილევიჩმა 28 მარტს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.


მან შეშფოთება გამოხატა იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა  “ახალ მიდგომაში“ – ეს არის დევნილთა დახმარების პროგრამა, რომელსაც 1999 წელს ძირითადად გაეროს სააგენტოებმა ჩაუყარეს საფუძველი, მონაწილეობს “კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, შემუშავებული სტრატეგიის ან ნორმატიული დოკუმენტების გარეშე“.     


ბორის ცილევიჩი მიესალმა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას სპეციალური კომისიის შექმნის თაობაზე, რომელიც 1944 წელს საქართველოდან დეპორტირებული მესხეთელი თურქების რეპატრიაციის საკითხზე იმუშავებს. ეს ვალდებულება საქართველომ 1999 წელს ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას იკისრა.


“მოგიწოდებთ უკუაგდოთ ქართულ საზოგადოებაში არსებული უარყოფითი შეხედულებები. მესხეთელები ეს ის ხალხია, რომელთაც არ მიეცათ საშუალება სტალინური დეპორტაციის შემდეგ უკან დაბრუნებულიყვნენ. როცა ზოგი პოლიტიკოსი განიხილავს მათ, როგორც უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც ემუქრებიან საქართველოს, ქართულ იდენტურობას, ეს არ არის კონსტრუქციული მიდგომა“, დასძინა ბორის ცილევიჩმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version