თბილისი სამხრეთ ოსეთის სტატუსის თაობაზე დოკუმენტს აქვეყნებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებ–გვერდზე 24 მარტს გამოქვეყნდა დოკუმენტი – საქართველოს მთავრობის ინიციატივა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს თბილისის წინადადებას საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით და რომელიც ეფუძნება იმ ინიციატივებს, რომლებიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გააჟღერა.


დოკუმენტის თანახმად, საკონსტიტუციო კანონმა უნდა განსაზღვროს უფლებამოსილებათა განაწილება თბილისსა და ცხინვალს შორის. “საქართველოს ხელისუფლება სთავაზობს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას ფართო ადგილობრივ თვითმმართველობას. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მიერ აირჩევა რაიონების, ქალაქების, სოფლებისა და სოფლის საკრებულოების ხელმძღვანელები და ადმინისტრაცია. სამხრეთ ოსეთი არის ავტონომიური ერთეული საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში“, ნათქვამია დოკუმენტში.


დოკუმენტში ნათქვამია, რომ შემდეგი საკითხები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა:


• ეროვნული უსაფრთხოება და თავდაცვა;
• შეიარაღებული ძალების კონტროლი (სამწლიან გარდამავალ პერიოდში უნდა განხორციელდეს ოსური ძალების ინტეგრირება საქართველოს ერთიან შეიარაღებულ ძალებში);
• სახელმწიფო საზღვრის დაცვა და საბაჟო პოლიტიკა;
• ფულად-საკრედიტო და საგადასახადო პოლიტიკა;
• საგარეო პოლიტიკა (სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას მიენიჭება გარკვეული უფლება საგარეო სავაჭრო ურთიერთობებთან მიმართებაში, კანონის მიერ განსაზღვრულ ფარგლებში);
• მოქალაქეობის საკითხები.


“სამხრეთ ოსეთის პარლამენტი განახორციელებს საკანონდებლო საქმიანობას იმ საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა კულტურა, განათლება, სოციალური პოლიტიკა, ეკონომიკური პოლიტიკა, საზოგადოებრივი წესრიგი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზება და გარემოს დაცვა“, ნათქვამია დოკუმენტში.


თბილისის წინადადებით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ოსურ ენას ექნება ოფიციალურის სტატუსი ქართულ ენასთან ერთად. 


ამოქმედდება 1990-1992 წლის კონფლიქტში დაზარალებული მოსახლეობის მიმართ ქონებრივი რესტიტუციის კანონი, ყველა დაზარალებულ ოჯახს მიეცემა ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია. საქართველოს მთავრობა მზად არის ერთჯერადად გადაუხადოს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას 1991 წლის შემდეგ დაგროვილი საპენსიო დავალიანება და ასევე გარანტია მისცეს ყველა მაცხოვრებელს, რომ მათი დღევანდელი პენსიები და სოციალური შეღავათები ძალაში დარჩება მინიმუმ იმავე რაოდენობით.


თბილისი ასევე სთავაზობს ოსურ მხარეს ერთობლივი ქართულ-ოსური პოლიციის შექმნას სამწლიან გარდამავალ პერიოდში. 


 


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version