ყირგიზეთის ხელისუფლება სააკაშვილის საშუამავლო ინიციატივას უარყოფს

ყირგიზეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა აბდილ სეგიზბაევმა სკეპტიკურად მიიღო საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინადადება ყირგიზეთის კრიზისის მოსაგვარებლად შუამავლის როლის შესრულების თაობაზე და “ზოგიერთი ქართველი პარლამენტარი“ ქვეყნის “სამხრეთში არეულობის კატალიზატორის“ როლის შესრულებაში დაადანაშაულა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“ 23 მარტს. 


საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახური 22 მარტს იტყობინებოდა, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყირგიზეთის პრეზიდენტს ასკარ აკაევს წერილით მიმართა, რომელშიც იგი ურჩევს თავის კოლეგას ოპოზიციის მოთხოვნებს უფრო მეტი გულისხმიერებით მოეკიდოს.


საქართველოს პრეზიდენტმა “შეშფოთება“ გამოხატა ყირგიზეთში შექმნილი ვითარების გამო, სადაც ხელისუფლებამ სამხრეთის ქალაქებზე კონტროლი მას შემდეგ დაკარგა, რაც ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში, რათა პროტესტი გამოეხატა არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. საქართველოს პრეზიდენტმა ასევე გამოხატა მზადყოფნა ჩავიდეს ყირგიზეთში და ოპოზიციასთან კონსტრუქციულ დიალოგში შუამავლის როლი შეასრულოს.


“[ყირგიზეთის] რესპუბლიკის სამხრეთში სიტუაციას კრიმინალური ბანდები აკონტროლებენ. თუ მას [სააკაშვილს] შეუძლია მათ [კრიმინალურ] ენაზე საუბარი – მობრძანდეს“, აცხადებს “რია ნოვოსტი“ ყირგიზეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერის სიტყვებზე დაყრდნობით.


სეგიზბაევმა ასევე აღნიშნა, რომ “ზოგიერთმა ქართველმა პარლამენტარმა სამხრეთში არეულობის კატალიზატორის როლი შეასრულა“. “და ახლა მათ სურთ მშვიდობისმყოფელთა როლის შესრულება“, განაცხადა აბდილ სეგიზბაევმა.


არაოფიციალური ინფორმაციით, დეპუტატი გივი თარგამაძე “ნაციონალური მოძრაობიდან“, რომელიც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს ხელმძღვანელობს, ამჟამად ყირგიზეთში იმყოფება. თუმცა,საქართველოს ოფიციალურმა პირებმა 23 მარტს თავი შეიკავეს ამ ინფორმაციის დადასტურებისა და ვიზიტის მიზნებზე საუბრისგან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version