სააკაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტს კრიზისში შუამავლობას სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყირგიზეთის პრეზიდენტს ასკარ აკაევს წერილით მიმართა, რომელშიც იგი ურჩევს თავის კოლეგას ოპოზიციის მოთხოვნებს უფრო მეტი გულისხმიერებით მოეკიდოს.


საქართველოს პრეზიდენტმა “შეშფოთება“ გამოხატა ყირგიზეთში შექმნილი ვითარების გამო, სადაც ხელისუფლებამ სამხრეთის ქალაქებზე კონტროლი მას შემდეგ დაკარგა, რაც ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში, რათა პროტესტი გამოეხატა არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ.


“საქართველოს პრეზიდენტი მზად არის ყირგიზეთში ჩავიდეს და ოპოზიციასთან გამართულ კონსტრუქციულ დიალოგში შუამავლის როლი შეასრულოს“, აცხადებს პრეზიდენტის პრეს-სამსახური.


მიხეილ სააკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მისი მეგობრული წინადადება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად არ მიიჩნევა.


ამავდროულად, არაოფიციალური ინფორმაციით, დეპუტატი გივი თარგამაძე “ნაციონალური მოძრაობიდან“ ამჟამად ყირგიზეთში იმყოფება. თუმცა, მისი ვიზიტის მიზნების შესახებ დეტალები უცნობია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version