ივანოვი: რუსეთს ბაზების გაყვანა 250-300 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდება

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის განცხადებით, რუსეთს საქართველოდან თავისი სამხედრო ბაზების გაყვანა 250-300 მლნ აშშ დოლარი დაუჯდება.


“ამ თანხაში შედის ჯარის და ტექნიკის გაყვანა, სამხედროების საცხოვრებელი სახლებით დაკმაყოფილება, დისლოკაციის ახალი ადგილის მოწყობა, შეიარაღების შესანახი ბაზის აშენება“, იუწყება “რია ნოვოსტი“ 22 მარტს სერგეი ივანოვის სიტყვებზე დაყრდნობით.


მან აღნიშნა, რომ ეს “დამატებითი ტვირთი იქნება რუსეთის ბიუჯეტისთვის”.


“ჩვენი [რუსეთის] ფინანსთა სამინისტრო თანხებს მას შემდეგ გამოყოფს, რაც [თბილისთან] მოლაპარაკებების შედეგად ხელი მოეწერება და ძალაში შევა შესაბამისი დოკუმენტი“, განაცხადა ივანოვმა.


მისი თქმით, მარტის ბოლოს მოსკოვში დაგეგმილ ქართულ-რუსულ მოლაპარაკებებში, კერძოდ კი სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით,  მონაწილეობას რუსეთის თავდაცვის უწყებაც მიიღებს.


ქართულ-რუსული მოლაპარაკებები მოსკოვში 23-25 მარტს გაიმართება, სადაც განიხილება რუსული ბაზების გაყვანის, საქართველო-რუსეთს შორის სავიზრო რეჟიმის გამარტივების, საზღვრის დელიმიტაციის, კონფლიქტების მოგვარების და ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის საკითხები.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version