“მემარჯვენე ოპოზიცია” ლომაიას გადაყენებას ითხოვს

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციურმა ფრაქცია “მემარჯვენე ოპოზიციამ“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის კახა ლომაიას გადადგომის მოთხოვნით შესაბამისი პროცედურების დაწყება და ამ საკითხის დღის წესრიგში ჩასმა მოითხოვა. ეს მოთხოვნა, ფრაქციის განცხადებით, სამედიცინო კოლეჯის სტუდენტების მიმართ “მთავრობის და კერძოდ, განათლების მინისტრის გულგრილმა დამოკიდებულებამ“ განაპირობა.


თუმცა მას შემდეგ, რაც ეს მოთხოვნა პარლამენტმა 21 ხმით 80–ის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა, ერთადერთმა ოპოზიციურმა ფრაქციამ “მემარჯვენე ოპოზიციამ” პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა.


“ჩვენ ამორალურად მიგვაჩნია, სანამ სამედიცინო კოლეჯის სტუდენტებთან დაკავშირებული დაძაბულობა არ განიმუხტება ან ისინი შიმშილობას არ შეწყვეტენ, გავაგრძელოთ საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა“, განაცხადა “მემარჯვენე ოპოზიციის“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ. 
 
უკვე მეექვსე დღეა, რაც სამედიცინო კოლეჯის სტუდენტთა ნაწილი შიმშილობს. ისინი აპროტესტებენ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უქმდება სამედიცინო კოლეჯის სტუდენტებსა და სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ხელშეკრულებით გაფორმებული პრივილეგია კოლეჯში სწავლის სამწლიანი კურსის დასრულების შემდეგ უგამოცდოდ ჩააბარონ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version