შამბა: საზღვაო ინციდენტის მიუხედავად სოხუმი მზად არის მოლაპარაკებებისთვის

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ რუსულ ინტერნეტ საინფორმაციო სამსახურს “კავკაზსკი უზელს“  21 მარტს განუცხადა, რომ აფხაზური მხარე ქართულ მხარესთან ჟენევაში დაგეგმილ მოლაპარაკებებს გამართავს, მიუხედავად საზღვარო ინციდენტისა, რომელსაც სოხუმის მახლობლად 15-16 მარტს ჰქონდა ადგილი.


შამბას მხედველობაში ჰქონდა 15 მარტს მომხდარი ინციდენტი, როდესაც აფხაზმა მესაზღვრეებმა არ მისცეს საქართველოს სანაპირო დაცვას საშუალება დაეკავებინა თურქული თევზსაჭერი გემი. აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის სულთან სოსნალიევის თქმით, საქართველოს სანაპირო დაცვამ მას შემდეგ დაიხია უკან, რაც აფხაზეთის არტილერიამ ცეცხლი გახსნა.


16 მარტს მომხდარი მეორე ინციდენტის დროს, აფხაზური მხარის თქმით, საქართველოს სანაპირო დაცვა არ დაემორჩილა აფხაზურ გემებს და “აფხაზური ტერიტორიული წყლები“  მას შემდეგ დატოვა, რაც აფხაზეთის სამხედრო ვერტმფრენმა მას ცეცხლი გაუხსნა.


ქართულმა მხარემ ორივე ეს ინციდენტი უარყო.


აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, ინციდენტები  აპრილში ჟენევაში დაგეგმილი “მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლას“ ისახავდა მიზნად. “მაგრამ აფხაზური მხარე არ აჰყვა ამ პროვოკაციას და აპირებს მონაწილეობა მიიღოს შეხვედრაში“, დასძინა შამბამ.


“ჟენევის შეხვედრა დიდი ხნის განმავლობაში გაყინული მოლაპარაკებების პროცესის ახალი ეტაპის დაწყების მანიშნებელი იქნება“, განაცხადა სერგეი შამბამ.


გაეროს ეგიდით დაგეგმილი ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები, რომელშიც გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის[საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ–ს] წარმომადგენლებიც მიღებენ მონაწილეობას, აპრილში გაიმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version