ვატიკანთან ხელშეკრულების პროექტზე მუშაობა გაგრძელდება

(თბილისი, 22 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე სინანულს გამოხატავს იმის გამო, რომ საქართველოსა და ვატიკანს შორის ხელშეკრულებას ხელი არ მოეწერა და აცხადებს, რომ თბილისში მისი ყოფნის შემთხვევაში ვითარება ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთ მწვავე ხასიათას არ მიიღებდა.

“ხელშეკრულების პროექტი დიდი ხანია მზადდებოდა, ჯერ კიდევ საქართველოში რომის პაპის იოანე პავლე მეორის ვიზიტის დროიდან. მის ჩამოსვლასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ამ ხელშეკრულების გაფორმებით არანაირი პრობლემა არ იქმნებოდა, ეს იყო სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტი. მე ვარ მართმადიდებელი, მაგრამ პატივს ვცემ ყველა რელიგიას და ასეც უნდა იყოს”, – განაცხდა დღეს ედუარდ შევარდნაძემ თავის ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში.

მისი თქმით, ამ ხელშეკრულების პროექტზე მუშაობა გაგრძელდება მართმადიდებლური რელიგიის უფლებების სრული დაცვით. პარალელურად კი დაიწყება რელიგიის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა, რისი განხილვა და დამტკიცება მომავალ პარლამენტში მოხდება. “ეს კანონი უნივერსალური იქნება”, – აცხადებს პრეზიდენტი.

ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი არქიეპისკოპოსი ჟან ლუი ტორანი თბილისში 18-20 სექტემბერს იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით, რომლის დროსაც უნდა გაფორმებულიყო სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულება ვატიკანსა და საქართველოს შორის. თუმცა, საზოგადოებისა და საპატრიარქოს მხრიდან უკმაყოფილების გამო ამ დოკუმენტის ხელმოწერა არ შედგა. ხელშეკრულების მიმართ საპატრიარქოს პროტესტი გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ დოკუმენტი გასაიდუმლოებული იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version