საქართველო უარს ამბობს ვატიკანთან ხელშეკრულების გაფორმებაზე

(თბილისი, 19 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტი შევარდნაძე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და თბილისში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნას დაემორჩილა და უარი თქვა ვატიკანთან ხელშეკრულების დადებაზე.

“საქართველოს მთავრობა ხელს არ მოაწერს ვატიკანთან ხელშეკრულებას”, – განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა სიხარულიძემ 19 სექტემბერს ჟურნალისტებს. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც დსთ-ის ქვეყნების მეთაურთა საბჭოს იალტის სამიტში იღებს მონაწილეობას, გასცა განკარგულება ხელშეკრულებაზე უარის თქმის თაობაზე.

ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც ვატიკანთან ურთიერთობებს განსაზღვრავდა, 20 სექტემბერს იყო დაგეგმილი. ამ მიზნით თბილისში 18 სექტემბერს სპეციალურად ჩამოვიდა ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ლუი ტორანი.

“ამაში არაფერი უჩვეულო არ არის. ეს სტანდარტული სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებაა. არქიეპისკოპოსმა ჟან ლუი ტორანმა სინანული გამოთქვა ხელმოწერის ჩაშლის გამო”, – განაცხადა სახელმწიფო კანცელარიის აპარატის უფროსმა პეტრე მამრაძემ 19 სექტემბერს ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა დღეს პარლამენტის შენობის წინ. ისინი ვატიკანსა და საქართველოს შორის ხელშეკრულების მოსალოდნელ ხელმოწერას აპროტესტებენ. სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ მიმართა აქციის მონაწილეებს, რათა დაერწმუნებინა ისინი, რომ საქართველოს მთავრობა არ მოაწერდა ხელს ხელშეკრულებას.

საქართველო-ვატიკანის ხელშეკრულებას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიაც ეწინააღმდეგება. “სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულება საქართველოსა და ვატიკანს შორის არ შეიძლება მიზანშეწონილად ჩაითვალოს”, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II 18 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.

“ჩვენ არაფერი ვიცით დოკუმენტის დეტალების შესახებ. საქართველოს მთავრობასთან კონკორდატს 2002 წელს მოვაწერეთ ხელი და ხალხმა იცის ამ დოკუმენტის დეტალების შესახებ. ვატიკანთან ხელშეკრულება სერიოზულ სირთულეებს შეუქმნის საქართველოს მთავრობას”, – აღნიშნა პატრიარქმა.

გასულ ოქტომბერს პრეზიდენტმა შევარდნაძემ და საქართველოს პატრიარქმა ხელი მოაწერეს კონკორდატს, რომელიც ეკლესიის და სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს განსაზღვრავს. კონკორდატი სხვა რელიგიურ ჯგუფებთან შედარებით მნიშვნელოვან პრივილეგიებს ანიჭებს მართლმადიდებლურ ეკლესიას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version