ასლან აბაშიძე ცენტრალურ ხელისუფლებას უუნარობაში ადანაშაულებს

(თბილისი, 15 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი ასლან აბაშიძე ცენტრალური ხელისუფლების კრიტიკით გამოდის და ხელსიფლების წარმომადგენლებს “საჭურისებს” ადარებს.

“დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ხელისუფლებაში მყოფი ხალხი საჭურისებს მაგონებს, მეტ შედარებას ვერ მოვიყვან. მათ არ შეუძლიათ ნორმალური მართვა მაგრამ ყველანაირად იბრძვიან ხელისუფლებაში დარჩენისათვის”, – განაცხადა დღეს ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე ასლან აბაშიძემ.

მან ასევე გააკრიტიკა სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე და განაცხადა, რომ მისი დაპირების მიუხედავად დღესაც არ მომხდარა თანხების გადარიცხვა აჭარაში. “ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მიმართული აჭარის ბიუჯეტის დასაზარალებლად”, – აცხადებს აბაშიძე.

პრესკონფერენციაზე ასლან აბაშიძე ჯეიმს ბეიკერის საარჩევნო პროექტის წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ ბეიკერი ხელისუფლებამ შეცდომაში შეიყვანა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის სასურევლი პროექტი მიაღებინა.

მისი ინფორმაციით, აღორძინება არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს თუ დარწმუნდება, რომ ხელისუფლების მხრიდან არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდება და საგანგებო სიტუაციის გამოცხადება არ მოხდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version