ბურჯანაძე მოსკოვში ვიზიტით კმაყოფილია

(თბილისი, 24 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ილუზია იქნებოდა ვიფიქროთ, რომ ჩემი ერთი ვიზიტი მოსკოვში ყველა პრობლემას მოგვიხსნის საქართველო-რუსეტის ურთიერთობებში, მაგრამ მთავარი მიზანი, რომ მივიპყროთ რუსეთის პოლიტიკური მოღვაწეებისა და საზოგადოების ყურადღება, მიღწეულია”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ “რუსთავი-2”-სთვის 23 იანვარს მოსკოვიდან ტელეფონით მიცემულ ინტერვიუში.

ბურჯანაძის თქმით, მოსკოვში გამართულ შეხვედრებზე რუსეთის ხელმძღვანელობამ “პირობა დადო, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების გაცემა შეჩერდება”.

“რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთაურთან ალექსანდრ ვოლოშინთან შეხვედრისას [23 იანვარს] შევთანხმდით, რომ უკეთესი იქნება, თუ აფხაზეთთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი უთანხმოებები 28 იანვრამდე მოგვარდებამ, როცა რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა უნდა შედგეს”, – თქვა ბურჯანაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსმა დეპუტატებმა უკვე შექმნეს სპეციალური კომისია, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მოწესრიგების საკითხებზე იმუშავებს.

ნინო ბურჯანაძე 20-24 იანვარს მოსკოვში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. რუსეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ძირითადად რუსეთის მიერ მიღებულ ცალმხრივ გადაწყვეტილებებს განიხილავდნენ აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლის განახლებისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების გაცემის თაობაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version