აშშ-ს „ძალიან სერიოზული“, „ძალიან რეალური“ წუხილები აქვს აგენტების კანონთან დაკავშირებით

„უცხოელი აგენტების“ კანონის აღსრულების შესახებ 30 ივლისის ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ „წუხილები, რომელიც ჩვენ გვქონდა ამ კანონმდებლობის თაობაზე, კვლავაც ძალიან რეალური და ძალიან სერიოზულია“.

„გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს კანონი ისე გამოიყურება, თითქოს ის კრემლის თამაშის წესების სახელმძღვანელოდანაა ამოღებული, რომლის სამიზნეცაა ჰუმანიტარული ორგანიზაციები, არასამთავრობოები, უფლებადამცველები, ჟურნალისტები. ეს არის ის, რასაც ჩვენ აუცილებლად ყურადღებით დავაკვირდებით. მაგრამ, ამ ეტაპზე, სხვა სიახლე არ მაქვს“, – განაცხადა პატელმა.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 29 ივლისს ბრძანება გამოაქვეყნა, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი შეიქმნება და მას „უცხოელი აგენტების შესახებ“ მაისში მიღებული სადავი კანონის აღსრულების უფლებამოსილება მიენიჭება. მინისტრმა აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები კანონის შესაბამისად დარეგისტრირებას 1 აგვისტოდან შეძლებენ. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, როგორც ამის თაობაზე ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა,  მათ 25 000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა და იძულებითი რეგისტრაცია მოუწევთ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version