ქართული ქარტია: პრეზიდენტმა მოკლევადიანი პარლამენტისა და ტექნიკური მთავრობისთვის ერთიანი მიზნები წარმოადგინა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას, რომელსაც ფართო საზოგადოება, დიპლომატიური კორპუსი და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაბრუნების საგზაო რუკა წარმოადგინა. მისი თქმით, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნები იქნება რეფერენდუმი ამ საგზაო რუკის ძირითად დებულებებზე ხმის მიცემის შესახებ.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობა და მისი ევროპული გზა განუყოფელია და ერთად უნდა იქნას დაცული. მან განაცხადა, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს და ქართული საზოგადოება, მისი თქმით, ელოდება კონკრეტულ გეგმას და „ახლამე მევალება… და ვაცნობიერებ ამ პასუხისმგებლობას, რომ ვუპასუხო ამ დიდ მოლოდინს და ერთად დავსახოთ ეს გზა, რომელიც მიგვიყვანს პირველ რიგში, ჩვენს თავთან და ამავდროულად, ევროპაში“.

პრეზიდენტის თქმით, ეს გზა არჩევნების გზაა.  „26 ოქტომბერს არჩევნებამდე უნდა მივიდეთ მშვიდობიანად, მშვიდობით და სტაბილურობით! უნდა მივიდეთ ისევე მობილიზებულად და შემართებით, როგორც აქამდე და ამავე დროს, გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ ეს მშვიდობა და სტაბილურობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ „იმის დრო არაა, რომ მივეცეთ სწორედ ნიჰილიზმს, ქიშპობას და ცალკეულ პოლიტიკურ ამბიციებს“.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, „გადავწყვიტე თქვენ წინაშე და ამ დღეს წარმომედგინა ერთგვარი სამოქმედო გეგმა – „ქართული ქარტია“, რომლის ირგვლივაც პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობ შეჯერებას, თანხმობას და პირობის დადებას ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია არა მხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისა და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის“.

ნაბიჯები, რომლის შესრულების ვალდებულებას ამ ქარტიაზე ხელმომწერნი იღებენ, ასევე ეხმიანება ევროპული რეკომენდაციის 9 პუნქტს.

პრეზიდენტმა ყველას „ევროპული მომავლის გარშემო“ გაერთიანებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ „თანხმობა ამ ქარტიის ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას, არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ პოლიტიკურ გაერთიანებებს. პოლიტიკურმა პარტიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ იმის მერე, რაც ხელს მოაწერენ ამ ერთობლივ ქარტიას, საკუთარი საარჩევნო ტაქტიკა და სტრატეგია როგორი იქნება – ეს უკვე მე არ მეხება“.

ხელმომწერი პარტიები, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში, იღებენ ვალდებულებას, რომ საგაზაფხულო სესიის დროს შეასრულონ ქარტიის ამოცანები და 2025 წლის შემოდგომისთვის ვადამდელი არჩევნები დანიშნონ, ამასთანავე შექმნან გარემო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. ტექნიკურ, უპარტიო მთავრობას პრეზიდენტი წარმოადგენს.

ქართული ქარტია – სრული ტექსტი

,,ქართულ ქარტიაში” ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა. ის თავისი არსითა და სულისკვეთებით ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებსაც დღეს საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს.

ნაბიჯები, რომლის შესრულების ვალდებულებას ამ ქარტიაზე ხელმომწერნი იღებენ, ასევე ეხმიანება ევროპული რეკომენდაციის 9 პუნქტს.

ეს ნაბიჯებია:

1.       ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება

დაუყოვნებლივ გაუქმდება ყველა კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას და ევროპულ რეკომენდაციებს. კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისშესახებ“ კანონი, ანუ რუსულ კანონი, ,,საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები, ე.წ. მოსმენების და ოფშორების  კანონები და სხვა.

ასევე გაუქმდება 2024 წლის პროტესტში მონაწილე დემონსტრანტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეები და მიღებული იქნება ამინისტია.

2.       მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს  ძირეული რეფორმა შეეხება:

ჩამოერთმევა ჭარბი უფლებამოსილება, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს – კერძოდ:

საბჭოს წევრებს აეკრძალებათ:

საბჭოში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე გავლენა ექნებათ არამოსამართლე წევრებს.

3.       რეფორმების სხვა პრიორიტეტული ნაბიჯები შეეხება:

პროკურატურას

სუსი/შსს

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს

ანტიკორუფციულ სააგენტოს

 ეროვნულ ბანკს

 მარეგულირებელ ორგანოებს

4.       საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება

სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის შიქმნება სათანადო  პირობები:

დაიხვეწება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და   ცესკოს დაკომპლექტების წესი, დაიწევა ბარიერი, აღდგება ბლოკების შექმნის შესაძლებლობა, გადაიხედება პარტიების დაფინანსების წესი, დიასპორას მიეცემა არჩვენებში შეუფერხებლად მონაწილეობის შესაძლებლობა.

 ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა

ჩვენ, ამ ქარტიაზე ხელისმომწერნი, ვინც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხისგან მივიღებთ მანდატს, ვიღებთ ვალდებულებას და ვდებთ პირობას, რომ შევასრულებთ ამ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე მომზადდება და ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში.

ასევე, ვდებთ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version