„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონზე ვენეციის კომისიის მოსაზრებას გამოხმაურებები მოყვა

ვენეციის კომისიამ 21 მაისს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონთან დაკავშირებით დაჩქარებული წესით მოსაზრება გამოაქვეყნა, რომელშიც „მტკიცედ ურჩევს“ ქართულ ოცნებას კანონის გაუქმებას.

„სამოქალაქო საქართველო“ ვენეციის კომისიის მოსაზრებასთან დაკავშირებით საერთაშორისო და ადგილობრივ გამოხმაურებებს გთავაზობთ:

ადგილობრივი გამოხმაურებები

მმართველი გუნდი

კახა კალაძე, ქართული ოცნება“, თბილისის მერი: „გუშინ გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს, გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის რაიმე არგუმენტი არ არსებობს. სამწუხაროდ, ვენეციის კომისიამ ნაცვლად სამართლებრივი მსჯელობისა, წარმოგვიდგინა პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასება, სადაც დამახინჯებულია ფაქტები და გვითხრა, რომ კანონი უნდა იყოს გაწვეული თუმცა, არ ჩათვალა საჭიროდ ამის სამართლებრივი დასაბუთება ან შინაარსობრივი არგუმენტის მოყვანა. ვენეციის კომისია რეკომენდაციით გამოდის, საქართველომ არ მოითხოვოს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობა, თურმე ეს ყველაფერი არადემოკრატიული ქმედებაა. რასაკვირველია, საქართველოს მოსახლეობა ვენეციის კომისიისგან ელოდებოდა დასაბუთებულ, პროფესიულ მსჯელობას და კონკრეტულ არგუმენტებს, თუმცა, ამის ნაცვლად, ხელში შეგვრჩა კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მესიჯები. აღნიშნული დასკვნა, რომელიც გამოქვეყნდა, გაჯერებულია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მესიჯებით და არანაირი სამართლებრივი შენიშვნა, არანაირი შინაარსობრივი განხილვა და არანაირი ახსნა-განმარტება, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი“.

ნინო წილოსანი, დეპუტატი, „ქართული ოცნება“: „უკვე ნათელი მისახვედრია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება თუ სხვა საერთაშორისო გამოხმაურება, უკვე ერთადერთი რასაც ემსახურება, ეს არის შიგნით საპროტესტო მუხტის აწევა და არანაირად არ ეხმიანება ამ კანონზე შინაარსობრივ კომენტარებს… თავად ის ფაქტი, რომ ვენეციის კომისია საუბრობს, რომ თურმე უკვე საქართველოში არსებობს კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს გრანტების და ამ დაფინანსების გამჭვირვალობას და უამრავი მსგავსი ფაქტობრივი ცდომილება, რომელიც არ შეესაბამება რეალობას, კიდევ ერთხელ არწმუნებს ქართველ საზოგადოებას, რომ რაც არ უნდა ხმამაღლად ჟღერდეს ამა თუ იმ ინსტიტუციის სახელი, ეს იქნება ვენეციის კომისია თუ ნებისმიერი სხვა, ვერ იქნება იმაზე უფრო უპირატესი და იმაზე უფრო მაღლა ვერ დადგება, რაც არის საღი გონი და საღი აზროვნება, რომლითაც ვფიქრობ, ქართულმა საზოგადოებამ ძალიან სწორად იმსჯელა და გადაწყვიტა და ემხრობა გამჭვირვალობის შესახებ კანონს“.

გურამ მაჭარაშვილი, დეპუტატი, „ხალხის ძალა“: „ბოლოში რომ მიეწერა კომისიას „არა რუსულ კანონს“, აი ეს იყო შინაარსი. გარდა სამართლებრივი შენიშვნებისა მთელი პოლიტიკური პროცესი იყო აღწერილი, რაც თავიდან ბოლომდე სცილდება ვენეციის კომისიის კომპეტენციას. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც კანონპროექტთან დაკავშირებით წერს სამართლებრივ დასკვნას. ანუ, სამართლებრივ შენიშვნებს წერს კანონპროექტებთან დაკავშირებით.  ორი-სამი წინადადების გარდა, ჩვენ ვიხილეთ პრაქტიკულად პოლიტიკური აქცია – „არა რუსულ კანონს“, რომელიც, რეალურად, საქართველოში ჩავარდა… ბოლოს და ბოლოს უკვე ვენეციის კომისიასაც კი ათქმევინეს, რომ გამჭვირვალობა ყოფილა ცუდი“.

ოპოზიცია

მამუკა ხაზარაძე, „ლელო საქართველოსთვის“: „ვენეციის კომისიის დასკვნა, სამწუხაროდ, შეუძლებელს ხდის მოლაპარაკებები გავხსნათ ევროკავშირთან საქართველოს გაწევრიანებაზე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კი, საფუძველს აძლევს დაიწყონ მუშაობა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე. ეს არის „ოცნების რუსული პოლიტიკის“ შედეგი. ეს არის პირდაპირი გზავნილი! „რუსული კანონი“ არღვევს საქართველოს მიერ   ევროკონვენციით აღებულ ვალდებულებებს. ამის შემდეგ სათქმელი აღარაფერი დარჩა, „ოცნების“ ხელისუფლება საქართველოს დეკლარირებულ და კონსტიტუციით დადგენილ ინტერესებს  ღალატობს!“

თინათინ ბოკუჩავა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „მარტივად რომ ვთქვათ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის უგულვებელყოფა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟია. ივანიშვილის რუსული ხელისუფლება კი უსახური ლოიალისტების გამოყენებით არამცთუ ღიად ამბობს რომ არ შეასრულებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, არამედ თავს ესხმის ვენეციის კომისიას და ეჭვქვეშ აყენებს მის კომპეტენციას“. 

პაატა მანჯგალაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“: ვენეციის კომისიაზე როგორ შეიძლება ადამიანმა თქვას, რომ პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ვენეციის კომისია. თქვენ აკეთებთ [ქართული ოცნება], თქვენ ხართ რეალობას აცდენილები. ვენეციის კომისიამ რა თქვა, მოკლედ რომ ვთქვათ, რომ ეს არის რუსული პასპორტი და ამ რუსული პასპორტით ევროპაში ვერ მოხვდებით“.

მიხეილ დაუშვილი, „საქართველოსთვის“: „ვენეციის კომისიამ სამართლებრივი მსჯელობიდან და არგუმენტებიდან გამომდინარე პირდაპირ… ძალიან მკაცრად მოუწოდა ოცნებას, რომ ეს კანონი გაუქმდეს. ოცნებას სულ ის არგუმენტი ჰქონდა, რომ შემოვიდნენ შინაარსობრივ მსჯელობაში და აბსოლუტურად შინაარსობრივად ვენეციის კომისიამ განუმარტა ეს კანონი რატომ არ უნდა ყოფილიყო მიღებული და ახლა რატომ უნდა გაუქმდეს“.

ხატია დეკანოიძე, საპარლამენტო ოპოზიცია „ევროოპტიმისტები“: „ასეთი მკაცრი დასკვნა, სადაც ვენეციის კომისია პირდაპირ ამბობს მიღებულ კანონპროექტზე… რომ  სასწრაფოდ უნდა გაიწვიონ და გაუქმდეს ეს კანონი, ვფიქრობ ძალიან იშვიათია“.

საერთაშორისო გამოხმაურებები

ჯოზეფ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი: „ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ მტკიცე რეკომენდაცია მისცა საქართველოს გააუქმოს კანონი უცხოური გავლენის შესახებ მისი ამჟამინდელი ფორმით. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას რეკომენდაცია საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტების დაცვის მიზნით“.

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი: „მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. ევროპის საბჭო მზადაა დასახმარებლად“.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: „როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას „უცხოური გავლენის“ კანონის გაუქმების თაობაზე მტკიცე რეკომენდაციისთვის და ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ“.

მარგუს ცაჰკნა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მტკიცე რეკომენდაცია „უცხოური გავლენის“ კანონის გაუქმების შესახებ მკაფიო ნიშანი უნდა იყოს საქართველოს ლიდერებისთვის, არ მიიღონ ის და დაუბრუნონ საქართველო ევროპულ ნორმებსა და პრინციპებს“.

პეტრას აუშტრევიჩიუსი, ევროპარლამენტარი: „ვენეციის კომისია ასკვნის, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონით დადგენილი შეზღუდვები შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით განსაზღვრულ მკაცრ კრიტერიუმებთან და არ შეესაბამება დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს. ეს რუსული კანონია“.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version