პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტზე ვეტოს დადებით “დისკუსიის ჩაკეტვაში” ადანაშაულებს

20 მაისს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ 18 მაისს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მან „ყველანაირი სივრცე ჩაიკეტა ჯანსაღი დისკუსიისთვის“. კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ „ჩვენი შეთავაზება იყო საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ ვეტოს პროცედურა გამოგვეყენებინა პოზიციების შეჯერებისთვის, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაადო ვეტო კანონს“.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონს მხარს უჭერს მოსახლეობის 60%-ზე მეტი და იქვე დასძინა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას მხარს უჭერს მოსახლეობის 80%-ზე მეტი. ამ კონტექსტში, მან ოპოზიცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ოპონენტები ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ კანონპროექტზე ჯანსაღი დისკუსია არ შემდგარიყო. „ასევე, პირადად შევთავაზე დიპლომატებს, მონაწილეობა მიეღოთ ამ კანონპროექტის საჯარო განხილვაში, თუმცა, სამწუხაროდ, არ იყო არავითარი გამოხმაურება“, – დასძინა მან.

კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ ოპოზიცია ისწრაფვის, რომ საქართველომ უკრაინის ბედი გაიზიაროს. „ომის ფონზე უკრაინაში ხელს ითბობენ პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები და ყვავის კორუფცია, გაუქმებულია არჩევნები, პოლიტიკური პლურალიზმი, მედიის თავისუფლება, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ზოგადად დემოკრატიის ცნებასთან. ამ ყველაფრის შურთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

უკრაინაზე რუსეთის მიმდინარე ომის უარყოფითი შედეგების განხილვის გარდა, კობახიძემ ასევე ისაუბრა უმუშევრობის დაძლევის საქმეში მთავრობის წარმატებებზე და ნაციონალურ მოძრაობას „სიძულვილის პარტია“ უწოდა.

პრემიერ-მინისტრმა თავისი შესავალი სიტყვის მნიშვნელოვანი ნაწილი გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად განკუთვნილ ფრენებზე ავიაბილეთების სუბსიდირების საკითხს დაუთმო. როგორც კობახიძემ აღნიშნა, დაახლოებით 2 000 გულშემატკივრისთვის პირდაპირი ფრენები უზრუნველყოფილი იქნება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ხოლო დაახლოებით 1 000 გულშემატკივრისთვის – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.

მან ასევე განაცხადა, რომ ჩემპიონატში მონაწილე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის ანაზღაურება დაგეგმილი 850 ათასი ლარიდან 3 მილიონ ლარამდე გაიზრდება.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 18 მაისს განაცხადა, რომ მან „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი თქმით, „ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე“. მან ასევე გაუმეორა, რომ კანონი არ ექვემდებარება არანაირ ცვლილებას და რომ ის უნდა გაუქმდეს.

პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად 76 ხმა საკმარისია. პარლამენტი საგაზაფხულო სესია 28 ივნისს სექტემბრამდე დაიხურება. შესაბამისად, ახლა მთავარი საკითხი ისაა, ქართული ოცნება“ გადაწყვეტს დაძლიოს ვეტო, თუ საკითხი სექტემბრამდე გადადოს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version