Freedom House-ი „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მოგზაურობაზე შეზღუდვებს და ფინანსურ სანქციებს ითხოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ბიბინს სედაკამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ხელისუფლებას პარლამენტიდან „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს. ორგანიზაცია მოუწოდებს ევროკავშირის, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ის მთავრობებს „შეზღუდოს მზარდი რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ“. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს და მათი ოჯახების წევრებს დაუყოვნებლივ უნდა დაუწესდეთ მოგზაურობაზე შეზღუდვები და ფინანსური სანქციები.

„Freedom House-ი მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რომელიც სისტემატურად და უმრავლესობით უჭერს მხარს ქვეყნის დემოკრატიულ გზას… მიღების შემთხვევაში, კანონი ლეგიტიმური სამოქალაქო აქტივობის და დამოუკიდებელი მედიის სტიგმატიზაციას გამოიწვევს და… საქართველოს ისეთი რეპრესიული რეჟიმების რიგში ჩააყანებს, როგორებიცაა რუსეთსა და ყირგიზეთში – ავტოკრატიების, რომლებიც მიზანმიმართულად მუშაობდნენ მსგავსი ზომებით სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად – და მნიშვნელოვნად შეაფერხებს საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით“, – ნათქვამია განცხადებაში.  

უფლებადამცველი ორგანიზაცია გმობს „მიმდინარე რეპრესიებს და ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ“, მათ შორის წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების გამოყენებას და მასობრივ დაპატიმრებებს. „ღრმად შეშფოთებული ვართ მუქარებით და თავდასხმებით ქართველი უფლებადამცველების, ჟურნალისტების, ოპოზიციის წარმომადგენლების და მათი ოჯახების მიმართ. ამგვარი რეპრესიები მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნისთვის, და განსაკუთრებით ევროკავშირის ასპირანტი ქვეყნისთვის“.

„ახლა კრიტიკული მომენტია საქართველოს დემოკრატიული გზისთვის. დემოკრატიული მთავრობები საქართველოს ხალხის გვერდით უნდა დადგნენ და უნდა გაგზავნონ მკაფიო გზავნილი, რომ „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი ქმედებები მიუღებელია“, – აცხადებს ორგანიზაცია.

ასევე წაიკითხეთ:

Exit mobile version