„უცხოელი აგენტების“ კანონის მიღების შემთხვევაში, ევროპარლამენტარები ბორელს მიზანმიმართული სანქციების მომზადებას სთხოვენ

ოთხმა ევროპარლამენტარმა 13 მაისს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელს წერილი გაუგზავნა და მიზანმიმართული სანქციების მომზადება სთხოვა იმ პირთა მიმართ, ვინც „ქვეყანას ევროპული მომავლისგან აშორებს“. მათ ასევე ჰკითხეს, გეგმავს თუ არა უმაღლესი წარმომადგენელი წამოწიოს საკითხი, რათა ევროკავშირმა შეაჩეროს ყველანაირი მაღალი დონის ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასთან და გამოიძახოს საქართველოს ელჩი, რათა კანონის მიღების შემთხვევაში ევროკავშირის შეშფოთება გამოხატოს.

ევროპარლამენტარები ეკითხებიან ბორელს, 12-13 მაისის აქციის დარბევის დროს განვითარებული მოვლენებისა და „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის დაჩქარებული მიღების გათვალისწინებით, შესთავაზებს თუ არა ის მიზანმიმართულ შემაკავებელ ზომებს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის, ასევე იმ დეპუტატების წინააღმდეგ, ვინც მხარს დაუჭერს კანონპროექტს.  

ევროპარლამენტარები ასევე სვამენ კითხვას, დაავალებენ თუ არა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს და სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორატს, შეაჩერონ ნებისმიერი მაღალი დონის ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასთან, რომელიც არ ისახავს მიზნად კანონის გაუქმებას, მათ შორის „ფინანსური დახმარების საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისკენ გადამისამართებისა და ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისგან თავშეკავების გზით“.

და ბოლოს, ისინი ინტერესდებიან, იღებს თუ არა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ვალდებულებას, რომ „კანონის მიღებისთანავე მოიწვიოს საქართველოს ელჩი ევროკავშირში, რათა გამოხატოს ევროკავშირის შეშფოთება“ და გადასცეს თავისი განზრახვა ზემოაღნიშნული ზომების მიღების თაობაზე, ასევე განიხილავს თუ არა ის კონსულტაციებისთვის ევროკავშირის ელჩის გამოძახებას.

წერილს ხელს აწერენ ევროპარლამენტარები ტის როუტენი, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი, პეტრას აუშტრევიჩიუსი და მირიამ ლექსმანი.

ასევე წაიკითხეთ:

Exit mobile version