პრემიერ-მინისტრი „უცხოელი აგენტების“ კანონის მიღების პირობას დებს და მოძალადე მომიტინგეების დასჯით იმუქრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე პირობა დადო, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი სამშაბათს მესამე მოსმენით იქნება მიღებული და მოძალადე მომიტინგეების დასჯით დაიმუქრა.

„სოციოლოგიურ კვლევებზე“ დაყრდნობით, კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი „მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, ხოლო 60%-ზე მეტი – უშუალოდ კანონს ‘უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ’“.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მას აქვს „უტყუარი ინფორმაცია“, რომ „რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ და უცხოეთიდან დაფინანსებულ ძალადობრივ ახალგაზრდულ დაჯგუფებებს ხვალ და ზეგ დაგეგმილი აქვთ ძალადობრივი მოქმედებები საქართველოს პარლამენტისა და პოლიციის წინააღმდეგ“. მან პირობა დადო, რომ კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს.

„დიდი ალბათობით ვერც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან შეწყალებას ვეღარ დაექვემდებარება [დამნაშავე]“, – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქართულ პოლიციას, რომელმაც იმოქმედა „არა ევროპული სტანდარტებით, არამედ ევროპულსა და ამერიკულზე მაღალი სტანდარტებით“.

„მოძალადეების მიმართ რეაგირების ის უხეში ფორმები, რომლებიც ჩვეულებრივი მოვლენაა ამერიკული ან ფრანგული პოლიციისთვის, არ უნდა იყოს მისაღები ქართველი სამართალდამცავებისთვის“, – განაცხადა მან.

კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მზადაა კანონპროექტის განხილვისთვის და აღნიშნა, რომ მან უკვე იმსჯელა ამ საკითხზე ევროკავშირსა და ეუთოსთან. მანამდე, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია მზადაა ცვლილებები შეიტანოს სადავო კანონპროექტში, თუ პარტნიორები კონკრეტულ შენიშვნებს წარმოადგენენ პრეზიდენტის ვეტოს პროცედურის ფარგლებში.

ვინ არის „გლობალური ომის პარტია“?

პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტმა ჰკითხა, ვის გულისხმობენ „ქართული ოცნების“ ლიდერები, როდესაც „გლობალური ომის პარტიის“ შეთქმულებაზე საუბრობენ.

„აქ საუბარი არ არის ქვეყანაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „აქ არ იგულისხმება არც ევროკავშირი, არც აშშ, პირიქით, ევროკავშირი არის ამ ძალების ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი“.  

პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკავშირის ეკონომიკა „16,3 ტრილიონი იყო 16 წლის წინ და ახლა არის 17,3 ტრილიონი, თან ეს ინფლაციის ფონზე ხდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ეკონომიკამ თვისებრივად დაიხია უკან 16 წლის განმავლობაში, როცა მანამდე 5-6 წლის განმავლობაში ჰქონდათ ორმაგი ზრდა“.

„შესაბამისად, ევროკავშირი მთავარი მსხვერპლია ამ ძალების“, – განაცხადა კობახიძემ. „ვინ არიან ეს ძალები, ეს ძალიან ბევრმა იცის. ჩვენ ვერ ვიტყვით, ეს არის იმდენად დელიკატური საკითხი, რომ ამაზე საჯაროდ საუბარმა, შეიძლება, პრობლემა შეუქმნას ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას“.

ასევე წაიკითხეთ:

Exit mobile version