50-ზე მეტი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ქართულ სსო-ებს მხარდაჭერას უცხადებს

50-ზე მეტმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ მთელი მსოფლიოდან 10 მაისს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, დაგმო საქართველოს ხელისუფლების მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტის ხელახლა ინიცირება და მისი უკან გაწვევისკენ მოუწოდა.

განცხადებაში ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ისინი „ღრმად შეშფოთებულები“ არიან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალისხმევის გამო, რომ „ჩაახშოს სამოქალაქო საზოგადოების ხმა“ რუსული სტილის კანონპროექტის ხელახალი ინიცირებით, რომლის სამიზნეც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედიასაშუალებები არიან.

გამოხატეს რა სოლიდარობა სსო-ების მიმართ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაზე, დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების ფუნდამენტურ უფლებებზე ეს „თავდასხმა“ ყველა მათგანს ეხება. „ეს არის სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის დეჰუმანიზაციისა და სტიგმატიზაციის მცდელობა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ადამიანის უფლებათა ვალდებულებებს, ასევე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებსა და ღირებულებებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნავს რა, რომ იგივე რისკები გვხვდება სხვა ქვეყნებშიც, სადაც მსგავსი პროცესები ვითარდება „ანგარიშვალდებულებისა და ადამიანის უფლებების დაცვის შეზღუდვის მიზნით“, განცხადება მიუთითებს იმაზე, თუ რა შედეგებს მოიტანს საქართველოს ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანონი და მათ შორის ასახელებს „ადამიანის უფლებათა დამცველების, გარემოსდამცველების, იურისტების, ჟურნალისტების, მუშაკების, თემის ლიდერებისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა აქტორების წინააღმდეგ რეპრესიებს, თავდასხმებს, დაპატიმრებებს, გატაცებებსა და მკვლელობებს“. განცხადებაში გამოთქმულია წუხილი, რომ ამ რისკების წინაშე დგას ქართველი ხალხი „რომელიც ბოლო 35 წლის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის“.  

გამოხატეს რა სოლიდარობა ქართველი ხალხისადმი, საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა აღიარეს, რომ კანონის მიღებას ასევე ექნება „გავლენა“ იმ ქვეყნებზე, სადაც ისინი მოქმედებენ.

ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას უარი თქვას კანონზე და დაუბრუნდეს რეფორმების დღის წესრიგს, რომელიც, მათი თქმით, „ძალიან საჭიროა დემოკრატიზაციისა და განვითარების საქმეში საქართველოს უწყვეტი ლიდერობისთვის“.

იმ ფონზე, როდესაც უახლოეს დღეებში თბილისში აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრაა დაგეგმილი, ორგანიზაციები ასევე მოუწოდებენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და საქართველოს სხვა საერთაშორისო პარტნიორებს „საჯაროდ დაგმონ ეს თავდასხმა ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე და საჯაროდ გამოხატონ თავიანთი მხარდაჭერა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც დემოკრატიას და ადამიანის უფლებების დაცვას ითხოვს“.

ასევე წაიკითხეთ:

Exit mobile version