ევროპარლამენტარები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შეჩერებას ითხოვენ

7 მაისს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისადმი გაგზავნილ წერილში, წამყვანი ევროპარლამენტარები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შეჩერებას, ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების გადახედვასა და გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის განხორციელებაში საქართველოს პროგრესის შუალედურ შეფასებას ითხოვენ.

ევროპარლამენტარები წერენ, რომ „საქართველოს ხელისუფლების მიერ არადემოკრატიული ქცევის გაგრძელება, განსაკუთრებით მათი აგრესიულობა უცხოელი აგენტების შესახებ „რუსული სტილის“ კანონის გატარებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისას, ზღვარს გასცდა. ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ ამგვარმა ქცევამ „კიდევ უფრო გაზარდა დაძაბულობა და პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში“ და აღნიშნავენ, რომ „ევროკავშირის მხრიდან ამის იგნორირება აღარ შეიძლება“.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ უმაღლეს წარმომადგენელს „მტკიცე პოზიცია დაიკავოს“ და მიიღოს ზომები, „რაც მკაფიო სიგნალს გაუგზავნის საქართველოს ხელისუფლებას“.

ევროპარლამენტარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „ბოლო წლებში ჩვენ დაუღალავად ვმუშაობდით ქართველი ხალხის და ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მათი მისწრაფებების მხარდასაჭერად“. მათი თქმით, ისინი ამას გააგრძელებენ, თუმცა „დემოკრატიული კრიტერიუმები ევროკავშირის ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის იგივეა და მათი პატივისცემაა საჭირო“.

წერილს ხელს აწერს 30-ზე მეტი წამყვანი ევროპარლამენტარი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან, მათ შორის პეტრას აუსტრევიჩიუსი, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი, ანდრიუს კუბილიუსი, მიხაელ გალერი, რასა იუკნევიჩიენე, მირიამ ლექსმანი და სხვები.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version