პიტერ სტანო: „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი არ შესაბამება ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირის მოლოდინებს

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა „უცხოელი აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი და განაცხადა, რომ ის არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირის მოლოდინებს საქართველოსგან და რომ მიღების შემთხვევაში, „შესაძლოა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ამბიციების საწინააღმდეგოდ იმუშავოს“.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ამ კანონის მიღება აშორებს საქართველოს მის გაცხადებულ მიზანს, დაუახლოვდეს ევროკავშირს“, – განაცხადა სტანომ 29 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.

სტანომ ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოს მთავრობასთან და ქართველ პარლამენტარებთან „იმისათვის, რომ ნათლად აჩვენოს მათ, რა არის არასწორი ამ კანონში და რა ნეგატიური შედეგები მოჰყვება მას“, რა დროსაც ყურადღებას ამახვილებს იმ საფრთხეებზე, რომლებსაც კანონი უქმნის ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებას, და ზოგადად, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს.  

მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი „ყველა ამ საკითხს“ გაფართოების მომდევნო ანგარიშში ასახავს, რომელიც შემოდგომაზე გამოქვეყნდება. სტანომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ გარკვეულ საკითხებში არ იქნება პროგრესი ან იქნება  უკანდახევა, ეს გავლენას იქონიებს საერთო მიდგომასა და ქვეყნის პროგრესზე, რომ ევროკავშირთან დაახლოების კუთხით ხელისუფლებისა და ხალხის მიერ დასახულ პრიორიტეტს მიაღწიოს.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში 30 აპრილს განაცხადა, რომ 1-2 მაისს, ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანი, საქართველოს ეწვევა და მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ისაუბრებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე, მათ შორის, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული 9 ნაბიჯის შესარულებისთვის საჭირო სამუშაოზე. ამავე ინფორმაციით, იგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რამდენიმე პროექტს გახსნის.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version