ოპოზიცია საჯარო მოხელეებს მოუწოდებს „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ აქციაში მონაწილეობა არ მიიღონ

26 აპრილს, ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ – „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ახალი“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „რესპუბლიკური პარტია“ – ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც საჯარო მოხელეებს მოუწოდებენ მმართველი პარტიის მხრიდან შესაძლო პოლიტიკური ზეწოლის მიუხედავად, მონაწილეობა არ მიიღონ „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს დაანონსებულ აქციაში.

ოპოზიციური პარტიები აქვე აცხადებენ, რომ უერთდებიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს და საქართველოს მოქალაქეებს იწვევენ, რათა „კიდევ ერთხელ, მშვიდობიანად, მკაფიოდ და ხმამაღლა ვუთხრათ კი ევროპას, არა რუსულ კანონს“.

პარტიების შეფასებით, 29 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი შეკრება, რომელზეც საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ თბილისში ჩამოიყვანენ, არის „ამ ადამიანების შეურაცხყოფა, რუსული ხელისუფლების მიერ მათი გამოყენება ჩვენი საერთო ევროპული მომავლის წინააღმდეგ და ცხადი პროვოკაცია იმ გულწრფელი და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომელთა უწყვეტმა პროტესტმა უკვე ათი დღეა მოიცვა დედაქალაქის ქუჩები“.

აქედან გამომდინარე, ოპოზიციური პარტიები მიმართავენ საჯარო სამსახურში დასაქმებულებს, „წნეხის მასშტაბის“ მიუხედავად არ დაემორჩილონ „რუსული ხელისუფლების მითითებას“ და ნუ გახდებიან „ივანიშვილის ფარი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ ბრძოლაში“.

ოპოზიციური პარტიების თქმით, 29 აპრილს ივანიშვილის მიერ ორგანიზებული შეკრების მიზანია, დაყოს და დააპირისპიროს ქართველი ხალხი და „შექმნას ყალბი სურათი, თითქოს რუსულ კანონთან დაკავშირებით საქართველოში არსებობს განსხვავებული პოზიციის მქონე ორი ბანაკი“.

„ჩვენ კარგად გვესმის საზოგადოების მთლიანობის მნიშვნელობა და არასოდეს დავუშვებთ კრემლის საოცნებო სცენარს ჩვენი ხალხის დაყოფისა და დაპირისპირების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

პარტიების თქმით, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის მოახლოებასთან ერთად, ისინი ერთიანი ძალებით, კოორდინირებულად ემზადებიან წინააღმდეგობისთვის.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version