მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენის მხარეებისთვის გადასაცემად 14 სამუშაო დღე აიღო

ლაზარე გრიგორიადისის საქმის მოსამართლემ ზვიად შარაძემ განაცხადა, რომ საქმეზე განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მხარეებისთვის გადასაცემად მას 14 სამუშაო დღე, კანონით დაშვებული მაქსიმალური ვადა, დასჭირდება.

გრიგორიადისის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ 14-დღიანი პერიოდი 12 აპრილს დაიწყო, როდესაც გრიგორიადს სასჯელი შეუფარდეს და როდესაც მოსამართლემ გაჭიანურების მიზეზად საქმის დიდი მოცულობა დაასახელა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე გაახმოვანა თავისი გადაწყვეტილება, რომ ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს, თუმცა მანამდე მხარეებს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი უნდა გადაეცეთ.

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა 12 აპრილს შეეფარდა. მოსამართლე ზვიად შარაძემ იგი დამნაშავედ ცნო პოლიციელის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებაში, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, და სახელმწიფო ქონების განადგურებაში, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

23 წლის ლაზარე გრიგორიადისი 7-9 მარტს თბილისში ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, 29 მარტს დააკავეს. იგი პოლიციისთვის ქვების და მოლოტოვის კოქტეილების სროლის ბრალდებით დააკავეს. მის დაკავებას წინააღმდეგობა და მშვიდობიანი პროტესტი მოყვა, რადგან ის განიხილებოდა, როგორც სისტემის ანგარიშსწორება იმ ახალგაზრდებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ რომლებიც მარტის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. მისი ადვოკატები და უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ გრიგორიადისი უდანაშაულოა, თუმცა მმართველმა პარტიამ იგი, მისი გარეგნობის გამო, „სატანისტად“ და „ორიენტაციაარეულ“ ახალგაზრდად შერაცხა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version